,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
როგორ მივხვდეთ სწორად ვიკვებებით თუ არა? - პედიატრი ყარამან ფაღავა
პედიატრი ყარამან ფაღავა სწორი კვების მნიშვნელობაზე საუბრობს და მნიშვნელოვან რჩევებს გვაძლევს, თუ როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი საკვები:
„რასაკვირველია, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ხან ასე უნდა გაამზადო, ხან ისე. გარკვეული წესები არის. ზეთში როდესაც ხარშავ რამეს, ზეთზე თერმული ზემოქმედებით ლიპიდების ზეჟანგები წარმოიქმნება. ლიპიდების ზეჟანგები კანცეროგენია. შებოლილი საჭმელი. ზოგიერთს გვიყვარს, მეც მიყვარს, მაგრამ ესეც კანცეროგენია. ზედმეტად შემწვარი, აი, ქერქი რომ არის კარტოფილის ძალიან შემწვარი, ესეც კანცეროგენია. მომზადების წესი მნიშვნელოვანია. ყველაზე უკეთესი საჭმელი უმი საჭმელია, ასევე ორთქლზე დამზადებული და მოხარშული. პატარა ნიუანსები არის მნიშვნელოვანი.“
„ერთი ამბავიც არის - მარილი. ზოგიერთი ძალიან ჭარბად აყრის მარილს. ვინც ამას შეეჩვევა, მერე გემრიელად ეჩვენება. ყველაფერი შეჩვევაზეა. არის ერთი ძალიან საინტერესო ეპიდემიოლოგიური მონაცემი. ჩრდილოეთ და სამხრეთ იაპონიაში შეადარეს არტერიული წნევის სიხშირე და სისხლჩაქცევების მაჩვენებლები. ორივე მათგანი 4-5-ჯერ უფრო ხშირია ჩრდილოეთში. ისინი ბევრ გაყინულ და დამარილებულ თევზს ჭამენ. მარილი, პირველ რიგში, ზემოქმედებს წნევაზე.“
ყარამან ფაღავა შაქრის მავნე თვისებების შესახებაც საუბრობს:
„შაქარი საერთოდ არ არის ბუნებრივი საკვები. მარილს და შაქარს აქვს ერთი უპირატესობა, საჭმლის შენახვისთვის ვარგა. თუ ფაღარათი აქვს დიდს ან მოზრდილს, ამ დროს მარილები იკარგება და მარილიანი საკვები უნდა მიირთვას. თუ ბავშვი არ ჭამს, დღეში ერთხელ ჭამს, ჰიპოგლიკემია დაემართა, იქ სწრაფად საჭიროა შაქრიანი საკვები. ისე შაქარი იწვევს სიმსუქნეს, კბილების გაფუჭებას, დიაბეტს. ეს არის რისკ-ფაქტორები, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენს თავს.“
ყარამან ფაღავას თქმით, იმის გარკვევა სწორად ვიკვებებით თუ არა, საკმაოდ მარტივია:
„როგორ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ სწორად ვიკვებებით თუ არა? არის ძალიან მარტივი დასკვნა. სწორად ვიკვებებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი წონა წესრიგშია, თუ არ გვაქვს საკვებთან დაკავშირებული დაავადებები (ანემია, ავიტამინოზი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები), თუ არ გვაქვს ნაოჭიანობა, კანის ფერის ცვლილება, თმის მტვრევადობა. გუნება-განწყობა თუ კარგია, ე.ი. სწორად ვიკვებებით. ჩვილ ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია წონის მატების მრუდი.“
„სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ხშირად ვამბობ, რომ ჯანმრთელობა შესანიშნავი რამ არის, მაგრამ მთავარი სამიზნე ცხოვრებაში ჯანმრთელობა არ არის. ჯანმრთელობა არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენი თავის რეალიზაცია მაქსიმალურად მოვახდინოთ. საკვების მიღებაში საკრარული ელემენტებიც არის, გაგახსენებთ: საიდუმლო სერობა, ტრაპეზი, ახლობლებთან ურთიერთობა, შეხვედრა, ერთად პურის გატეხვა. საკვების მომზადება სიყვარულის გამოვლინებაც არის. თუ მეუღლე ცდილობს გემრიელი საჭმელი გაგიკეთოს, გასიამოვნოს, ესეც ხომ სიყვარულის გამოვლინებაა. საკვები, კარგი კვება მარტო ჯანმრთელობა კი არ არის, ეს არის გრძნობები,“ - აცხადებს ყარამან ფაღავა.