,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„მშობლებმა, დედამთილმა, მამამთილმა, ყველამ უნდა შეუწყოს ქალს ხელი, რომ აღზრდის პროცესმა არ განიცადოს დარტყმა“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ქალის ორსულობისთვის სათანადოდ მომზადების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის აღზრდა მუცლადყოფნისას იწყება:
„რა არის აღზრდა? საუკეთესო ხატების ჩათესვა ბავშვში. ხატი ჩაითესება, რომ მერე აღმოცენდეს. კარგი ბგერებია, კარგი მუსიკაა, კარგი სიტყვებია, ყველაფერი ეს ბავშვში როგორც ხატი, ისე ისახება. ამ პერიოდიდან ბავშვის აღზრდა უკვე სოციალიზირებულ ხასიათს ღებულობს. ეს ყველაფერი მეცნიერულად დასაბუთებულია. თუ დედას არ უნდა შვილი, ებრძვის შვილს, ეს განცდები აქვს, მაგრამ შვილი მაინც დაიბადება, მოხდება ძალიან დიდი სირთულე აღზრდაში. გაუჭირდება დედას აღზრდა. ბავშვში აგრესია ისადგურებს. ბავშვი ცხრა წლის გახდება, ის აუცილებლად ამას გამოავლენს. რა შეიძლება გააკეთოს დედამ? ალბათ, ბოდიში მოუხადოს შვილს, გაიხსენოს ეს წარსული, იტიროს მასთან თანდასწრებით, ილოცოს. ამიტომ რაა საჭირო? დედამ შვილი უნდა მიიღოს თავიდანვე, როგორც ნატვრა, ესაუბროს შვილს, ეჩურჩულოს, გულში იფიქროს შვილზე, ზღაპრები უკითხოს ჩურჩულით და ხმამაღლა, კარგ მუსიკას უსმინოს, კარგ ადამიანებს შეხვდეს, ცუდთან ახლოს არ იდგეს დიდხანს, ქმარს არ ეჯიჯღინოს, არ ჰქონდეს გაუგებრობა არავისთან. ამ სირთულეებს უნდა გაუძლოს ფეხმძიმე ქალმა.“
შალვა ამონაშვილის თქმით, ოჯახის ყველა წევრმა ერთად უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ ქალს კომფორტი შეუქმნან:
„მშობლებმა, დედამთილმა, მამამთილმა, ყველამ უნდა შეუწყოს ქალს ხელი, რომ აღზრდის პროცესმა არ განიცადოს დარტყმა. მამა სახლში რომ მოვა, პირველ რიგში, მოეფეროს მუცელს, იქ მისი სისხლი და ხორცი ისახება. უთხარი, სად იყავი დღეს, რა ილაპარაკე, რა განცდებით დაბრუნდი. ელაპარაკე ცხოვრებაზე ბავშვს. ის ისრუტავს ამას. ალერსი მეუღლის პირველი ფუნქციაა. ხომ არსებობს ბავშვთა დაცვის დღე, ბავშვი უნდა დავიცვათ ჯერ კიდევ დედის მუცელში. კომფორტი უნდა შევუქმნათ ქალს, რაც კი შეგვიძლია. ქოხშიც შეიძლება შექმნა სასიამოვნო გარემო. თუ ასეთი ვითარებაა, ბავშვის განვითარება ნორმალურად ხდება. ბავშვი ითვისებს იმ ხატებს, რაც მომავალში უნდა გამოვიდეს, როგორც მისი კულტურა. ქალმა ცუდ რამეს არ უყუროს, ვაჟა ფშაველა იკითხოს, ილია იკითხოს, აკაკი იკითხოს. იკითხოს ყველაფერი კარგი, რაც გამოტოვა. არ უყუროს ცუდ სერიალებს, არ არის ეს საჭირო.“
შალვა ამონაშვილმა მომავალ დედებს პრაქტიკული რჩევაც მისცა და მუცლადყოფნისას ბავშვთან საუბრის ერთ-ერთი მეთოდი გააცნო:
„ველაპარაკოთ ბავშვს. დიდი ქაღალდი აიღეთ. ძაბრივით გააკეთეთ. წვრილი თავი პირზე მიიდეთ, დიდი მუცელზე. ეჩურჩულეთ, ელაპარაკეთ ბავშვს. უთხარით: „მე შენ გელოდები, კარგ სახელს აგირჩევ, იცი როგორი მამა გვყავს ჩვენ აქ?!“ როდესაც ასე ლაპარაკობს, თვითონ დედაც მშვიდდება.“
„ადრე ექიმები კატეგორიულ უარზე იყვნენ, რომ მამები მშობიარობას დასწრებოდნენ. მამის დასწრება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია. დედა მშვიდდება, მამას ხელი უჭირავს ხელში. ყველაზე საიმედო ადამიანი გვერდით ჰყავს ქალს. ქალი ბეწვის ხიდზე გადის. უნდა ნახოს ქმარმა, რა გაიარა ქალმა, რომ მასში უფრო მეტი პატივისცემა, განცდა, მოწიწება დაიბადოს ქალის მიმართ,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.