,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ბავშვთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი არის თავისუფალი არჩევანი კონკრეტულ პირობებში,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვთან ურთიერთობის მთავარი პრინციპის შესახებ ისაუბრა და თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„შეიძლება ჩვენ ვერ შევაფასოთ, რა არის ცუდი და კარგი, ამიტომ ცუდიც კარგი გვეგონოს და ჩვენი ბავშვები ასეთ ქცევაში წავახალისოთ. მეორეა, როგორ მოვახერხოთ მიუღებელი ქცევის ელიმინირება. მე პირადად ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ჩვენგან იგებს ბავშვი ამას. ჩვენგან ხედავს როგორ შეიძლება მანიპულირება, ფსიქოლოგიური ძალადობა, არ არის სავალდებულო, რომ დაარტყა ადამიანს. ბავშვთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი არის თავისუფალი არჩევანი კონკრეტულ პირობებში. კონკრეტული პირობები არასდროს არის უსაზღვრო. მას აქვს ჩარჩო. ეს ჩარჩო ისედაც არსებობს, მაგრამ მშობელი ამატებს პირობას. აკრძალვა არ ხდება. უნდა შევუთანხმდეთ ბავშვს, რამდენი ხანი დასჭირდება სამეცადინოდ, რამდენი კიდევ რაღაც საქმის გასაკეთებლად და ამდენი ხანი გაატაროს კომპიუტერთან. ეს უნდა შეთანხმდეს შვილსა და მშობელს შორის. ეს შეთანხმება უნდა იყოს დაცული.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვის წახალისება ძალიან სასარგებლოა და ის კარგი ქცევის განმტკიცებას უწყობს ხელს:
თამარ გაგოშიძემ ადამიანის ტვინის განვითარების და კონკრეტული უნარების ჩამოყალიბების პროცესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღმასრულებელი ფუნქციების შეძენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:
„მე ვარ ნეიროფსიქოლოგი და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც აღზრდაზე ვსაუბრობთ, რა ემართება ჩვენს ტვინს. ჩვენი ტვინი ძალიან სწრაფად განვითარებადია, თუმცა ზოგიერთი უნარი და თვისებები ძალიან გვიან ვითარდება. მოტორიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. შვიდი წლის ასაკში ბავშვს იგივე მოტორული უნარები აქვს, რაც შემდეგ 30 წლის ასაკში ექნება. არსებობს ერთი ადამიანური უნარი, რომელიც ჩვენ ადამიანობას გვანიჭებს - ეს არის ე.წ. აღმასრულებელი ფუნქციები. რა არის აღმასრულებელი ფუნქცია? იმისთვის, რომ მე ქცევა შევასრულო, ჩემ გარშემო არსებული ყველა გამღიზიანებელი უნდა შევაკავო და მიზნის შესაბამისად ვიმოქმედო. ჩემი ქცევა უნდა დავგეგმო, რაღაცები გადავავადო, თუ საჭიროა ეს მიზნის მისაღწევად.“
„აღმასრულებელი ფუნქცია არის მიზნის მიღწევა, მიზნის დასახვა, იმპულსის შეკავება, გადავადება, გადაწყვეტილების მიღება. ახლა შევხედოთ ჩვენს საზოგადოებას, ვიკავებთ იმპულსს, გადაწყვეტილებას ადეკვატურად ვიღებთ? ძალიან საინტერესოა მიკერძოებული აზროვნება, რომელიც ყველას გვახასიათებს. გვაქვს მენტალური მოდელი, რომელშიც ყველაფერს ჩასვამ, მაგრამ ადამიანი იმიტომ ხარ, რომ შენი მენტალური მოდელის კრიტიკული ანალიზი მოახდინო. შენ შეგიძლია ყველაფერი მოაქციო შენს მენტალურ მოდელში, მაგრამ ეს არ იქნება რეალობა და არც სამართლიანი იქნება,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.