,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე
ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ბავშვის ფსიქიკაზე დედის შფოთვის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:
„მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ. ეს არის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევა, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. უამრავი ექსპერიმენტია ამ მიმართულებით ჩატარებული. ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომელიც ვნახე, აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმობამდეც კი, ბევრად ადრეულ პერიოდში, დედებს, რომლებიც შფოთავენ, ჰყავთ ასეთივე მშფოთვარე შვილები.“
ირინა ტაბუციძის თქმით, მშფოთვარე ბავშვებს უძილობა, ხასიათის ცვალებადობა და მოუსვენრობა აწუხებთ:
„მშფოთვარე ბავშვს ღამის ძილი აქვს არეული, ხშირად ტირის, ხშირად არის უფრო მოუსვენრად. ეს უწყვეტი რგოლივით გამოგვდის. დედები შფოთავენ იმიტომ, რომ ბავშვებს არ სძინავთ. ბავშვები კი იმიტომ ტირიან, იმიტომ არ იძინებენ, რომ დედები არიან ასე მშფოთვარე მდგომარეობაში. ერთმანეთზე გადაბმულია ეს ამბავი.“
„ამ ყველაფერს ხელს ძალიან უწყობს ოჯახში არასტაბილური სიტუაცია, როდესაც არის კონფლიქტები, ძალადობის ფაქტები. ასევე მუშაობს ის შემთხვევებიც, როდესაც რამოდენიმე ადამიანი ერთად ზრდის ბავშვს. ყველას თავისი კომპეტენტური აზრი აქვს: ბებიას, დედას, მამას. მით უმეტეს, თუ ამ ადამიანების აზრი ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა კიდევ უფრო რთულად არის საქმე. ჩვენ ხშირად შვილებს ისე ვაჩენთ, რომ არც ვინტერესდებით, ზედმეტ ლიტერატურას არ ვკითხულობთ. ძაღლს რომ ვყიდულობთ, ყვავილი შემოგვაქვს ახალი, პირველ რიგში, ინტერნეტში ვეძებთ ინფორმაციას. შვილის გაჩენა არ არის მხოლოდ ინსტინქტების დონეზე. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ირინა ტაბუციძემ „Music Box” – ის ეთერში ისაუბრა.