,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„თუ ჩვენ არასწორი კვების მოდელი შევთავაზეთ ბავშვს ადრეულ ასაკში, ძალიან გვიჭირს შემდეგ მისი გადაკეთება,“ - თამარ ედიბერიძე
ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ბავშვის ცხოვრებაში პირველი შთაბეჭდილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველი ქცევის პოზიტიური მოდელის დამკვიდრება უნივერსალური სასწავლო მოდელია:
„ბავშვს არ შეუძლია იმის გაფილტვრა, პირველი შთაბეჭდილება კარგია, თუ ცუდი. სწორედ აქ არის ჩვენი, როგორც მოზრდილების, პასუხისმგებლობა. სასურველი ქცევის პოზიტიური მოდელი არის უნივერსალური სასწავლო მეთოდი ნებისმიერი ინფორმაციის თუ ჩვევის დასწავლისთვის. თუ ჩვენ არასწორი კვების მოდელი შევთავაზეთ ბავშვს, როგორც მაგალითი, მის ადრეულ ასაკში, ძალიან გვიჭირს შემდეგ მისი გადაკეთება.“
თამარ ედიბერიძის თქმით, სტრესულ პირობებში პირველი შთაბეჭდილებების გავლენა გაცილებით დიდია ბავშვზე, ვიდრე ზედ დაშენებული პოზიტიური გამოცდილების:
„ის, რაც სულ პირველია, ის, რაც უძველესი შთაბეჭდილებაა, სტრესულ პირობებში სწორედ ის ამოტივტივდება უფრო ადვილად, ვიდრე ზედ დაშენებული უფრო სასიამოვნო გამოცდილება. ის, რაც ეხება კვების მოდელის ჩამოყალიბებას, აბსოლუტურად მისაღებია ნებისმიერი ქცევის მოდელის ჩამოყალიბებისთვის. ბავშვისთვის რა არის მნიშვნელოვანი? როდესაც ამ ტიპის ქცევას აკეთებს ოჯახის წევრი, რომელიც მისთვის არის ავტორიტეტი, ძალიან ძნელია შემდეგ ვებრძოლოთ ამ ჩვევას.“
„როდესაც მეზობელი იქცევა ცუდად, ადვილია ავუხსნათ ბავშვს, რომ ეს ცუდი საქციელია. თუ იმავე ტიპის ქცევას ის ხედავს ოჯახში, ძალიან ძნელია დაუმტკიცოთ, რომ თურმე მამაც ცუდად იქცევა, დედაც ცუდად იქცევა. ამ შემთხვევაში ბავშვს ეწყება მძიმე ემოციური მდგომარეობა, ვის ენდოს. პირველი ათი წლის მანძილზე მოდელი არის მშობელი. თუ ეს პერიოდი გამოგვეპარა, თუ მის მეხსიერებაში არასწორი მოდელი დავამკვიდრეთ, ათი წლის შემდეგ ამ ინფორმაციასთან ბრძოლა არის ძალიან ძნელი, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.