მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“ ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი
პედიატრმა ეკა უბერმა ახალბედა დედებში ძუძუთი კვების დროს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რძის არარსებობის პრობლემა დედების მხოლოდ 5%-ს აქვს:
„მხოლოდ 5 %-ში ფიქსირდება, რომ დედას არ აქვს რძე. ეს სიტუაცია მხოლოდ ექიმის მიერ ფასდება. დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს,“ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არის სუბიექტური ან არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, პირველ რიგში, დედას. ფსიქოლოგიური სტრესი, ორსულობის შემდგომი სტრესი ან გარემო ფაქტორები, უამრავი რამ შეიძლება აფერხებდეს ლაქტაციის პროცესს. დედების მხოლოდ 5%-ს აქვს რეალურად, თანდაყოლილად რძის არარსებობა.
ნახეთქების გამოჩენა როგორც წესი დაკავშირებულია მკერდის დვრილის არასწორ პოზიციასთან ბავშვის პირის ღრუში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობიაროშივე დაეხმაროს შესაბამისი პერსონალი დედას, რომ სწორად მოარგოს ბავშვი ძუძუს. შესაბამისად მოხდება ნახეთქებისა და დისკომფორტის პრევენცია.
ექვსი თვის ჩათვლით ექსკლუზიური ძუძუთი კვება არის უნივერსალური და შეუცვლელი. 6 თვის შემდეგ რაც უნდა კარგად იმატებდეს ბავშვი, აუცილებელია, რომ ბავშვის კვების რაციონში შემოვიდეს დამატებითი კვება. პირველ რიგში, ეს იქნება მარცვლეული, ბოტნეული, ხორცი. რა თქმა უნდა, უნდა შევიტანოთ ხილიც. 6 თვის შემდეგ მხოლოდ ბუნებრივი კვება, რაც უნდა კალორიული იყოს ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვის სასიცოცხლო მოთხოვნებს,“- მოცემულ საკითხზე ეკა უბერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.