რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა რისკი შეიძლება შეუქმნან შინაურმა ცხოველებმა ბავშვს და როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადებები?
რა რისკი შეიძლება შეუქმნან შინაურმა ცხოველებმა ბავშვს და როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადებები? - აღნიშნულ თემაზე MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო, თამარ, როგორც კვლევები ადასტურებს, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა
ადამიანს უფრო მშვიდს ხდის და სტრესს ამცირებს. სანამ რომელიმე შინაურ ცხოველს მივიყვანთ პატარასთან სახლში, რა უნდა გავითვალისწინოთ
?
-
მე ექიმი ვარ. შინ ღუნღულა ძაღლი ბიშონი ფრიზი და ქუჩიდან აყვანილი, სიკვდილს გადარჩენილი კატა მყავს. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ამ გატაცებას სისულელედ მიიჩნევს, ბევრი - ახირებად, ზოგს კი ვერ გაუგია, ზედმეტად დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ როგორ ვახერხებ ჩემი პატარა ოთხფეხების მოვლას.
სანამ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის მოვლას, რადგან პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე, ცხოველისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, თქვენს პატარას კი არა, თქვენ გეკისრებათ.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ხომ არ აქვს პატარას რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ალერგია.
ცხოველი, რომელსაც აიყვანთ, სახლში მიყვანამდე შეამოწმებინეთ ვეტერინარს და დარწმუნდით, რომ ის ჯანმრთელია.
- ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია, ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია...
- დიახ ასეა, ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია, ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია.
საფიქრებელი და ასაწონ-დასაწონი კი მართლაც ბევრია.
უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ წესების ზედმიწევნით დაცვა, შინ ცხოველი არ უნდა მიიყვანოთ.
ცხოველმა შესაძლოა, დაკაწროს ან დაკბინოს პატარა,
ზოგ ბავშვს შესაძლოა, გამოუვლინდეს ალერგია ცხოველის ნერწყვზე, ქერცლსა და ორგანულ გამონაყოფებზე, ასეთ შემთხვევებში ცხოველის სახლში ყოლა დაუშვებელია. გაითვალისწინეთ, რომ ბეწვი გაცილებით ნაკლებალერგიულია, ვიდრე ზემოთჩამოთვლილები.
შინაურ ცხოველს სისტემატურად ჩაუტარეთ საჭირო აცრები და გამოცხადდით ვეტერინართან წინასწარ დაგეგმილი პერიოდულობით ცხოველის ჯანმრთელობის შესამოწმებლად.
ასევე სისტემატურად დაამუშავეთ ჭიებსა და გარეგან პარაზიტებზე.
არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ ცხოველთან.
სჯობს, არ მისცეთ ცხოველს უფლება, შევიდეს ბავშვის ოთახში, სანამ მას სძინავს.
ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები, წყალი და წვრილი სათამაშოები მიუწვდომელი უნდა იყოს ბავშვისათვის.
ავადმყოფი ცხოველი ბავშვისაგან იზოლირებული უნდა იყოს გამოჯანმრთელებამდე.
- რა უნდა ვასწავლოთ პატარას ცხოველებთან ურთიერთობის დროს?
- ასწავლეთ პატარას ხელების დაბანა ცხოველთან და მისთვის განკუთვნილ საგნებთან შეხების შემდეგ. აუხსენით, რომ
ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები და სათამაშოები მისი არ არის. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სჯობს ასეთი ნივთები მაინც ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახოთ.
ასე, რომ თუ შინ შინაური ცხოველი გყავთ, მოუარეთ მას ისე, რომ ჯანმრთელი იყოს, ასწავლეთ პატარას ხელების ხშირი დაბანა, მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები. ასეთ პირობებში ოთხფეხა მეგობრები ბევრ სიხარულსა და ხალისს მოგიტანენ.