ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვის ტვინის ნეირონები რეაგირებს მხოლოდ ცოცხალ ლაპარაკზე. ტვინი არ ვითარდება სხვანაირად,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ცოცხალი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით მშბელთან პირადი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია:
„პირადი დიალოგი მშობელთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მესმის, ჩვენ ვართ ძალიან რთულ ვითარებაში, იმიტომ, რომ მშობლები მუშაობენ, ბავშვები ხშირ შემთხვევაში არიან ძიძასთან. ლაპარაკის შეფერხებაზეც არ არის, არიან ბავშვები, ვისაც აქვს ეს პრობლემა და შეფერხებული განვითარებაა. მათ, მით უმეტეს, გამდიდრებული გარემო სჭირდებათ. საუბარია ჩვეულებრივ ბავშვებზე. ჩვენთან ძალიან ხშირად ჩვეულებრივი ბავშვები მოჰყავთ შეფერხების დიაგნოზით. ელემენტარულად ბავშვს არავინ არ ელაპარაკება. არავის არ აქვს ამის დრო და საშუალება.“
თამარ გაგოშიძის თქმით, განვითარების შეფერხების გარკვეული ნაწილის გამომწვევი ჩვენი სოციალური პრობლემებია:
„ძალიან ხშირად უთქვამს მშობელს, როგორ უნდა ვეთამაშო ბავშვსო. შეუძლებელია, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვთა 40-50 % იყოს შეფერხებული. რადგან ასე მატულობს იგივე აუტიზმის რიცხვი, ეპიდემია ხომ არ არის ეს. მატულობს ეს დიაგნოზები, შეფერხების დიაგნოზი, მეტყველების დარღვევების, აუტიზმის დიაგნოზი. თავისთავად ცხადია, რომ ეს მდგომარეობები არსებობს და ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ეს პრობლემა, მაგრამ ამის ასეთი მატება არის ჩვენი სოციალური პრობლემა.“
„ტექნიკაზე მიჯაჭვულობა არის დაავადება ფაქტობრივად. კომუნიკაცია უკვე პრობლემური და მინიმალურია. ტვინი არ ვითარდება სხვანაირად. ბავშვის ტვინის ნეირონები რეაგირებს მხოლოდ ცოცხალ, „ლაივში“ არსებულ ლაპარაკზე. ადრეული განვითარების ასაკი არის სამ წლამდე. სამ წლამდე ძალიან სწრაფად ვითარდება, ძალიან მოქნილია ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა. სამ წლამდე თუ არ მოხდა ამ ფუნდამენტის ჩაყრა, მერე უკვე ძალიან რთულია,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.