ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მთავარია არ დავარცხვინოთ ჩვენი შვილი იმის გამო, რომ ყველა კბილი უჩანს სიცილისას ან ზედმეტი წონა აქვს,“ - ფსიქოლოგი მერი გელაშვილი
ფსიქოლოგმა მერი გელაშვილმა მოზარდობის ასაკში გაჩენილი კომპლექსების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა, როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვს, რომელსაც კომპლექსები აწუხებს:
„მოზარდობა ყოველმხრივ რთული ეტაპია. მოზარდებს ახალ სხეულთან შეგუება უწევთ, ყველაფერი იცვლის ფორმას. განსაკუთრებით უმძიმთ გოგონებს. ფრაზები ყველა ასაკზე ახდენს გავლენას. კომპლექსი არის ემოციურად დამუხტული მოგონებათა ერთობლიობა, რომელიც ძალიან სენსიტიურია ადამიანისთვის. უმეტესობა მათგანი ღრმა ბავშვობაში ყალიბდება. მოზარდობაში, შესაძლოა, იყოს კომპლექსის ჩამოყალიბების ახალი წყარო.“
მერი გელაშვილის თქმით, უფროსების შეფასება, შესაძლოა, მოზარდის რეალობად იქცეს:
„ჩვენი შეფასებები მოზარდების მიმართ არ უნდა იქცეს მათ რეალობად. ნებისმიერი ჩვენი შეფასება, შესაძლოა, მოზარდის რეალობა გახდეს. თუ რაღაც ქცევის გამო ბავშვს ვეუბნები: „შენ სულელი ხარ,“ მე არ გავმიჯნე ქცევა რეალობისგან. ის პიროვნულად იწებებს ამ იარლიყს, რაც შესაძლოა დაბალი თვითშეფასების მიზეზი გახდეს. ნელ-ნელა სწორი გადამუშავებით უნდა შეძლო კომპლექსების გადაფასება.“
„თუ ადამიანის მიერ გაცნობიერდა თავისი კომპლექსი და გადაწყვიტა, რომ ის იქნეს დაძლეული, კომპლექსი შეიძლება იქცეს სტიმულად. ყველა მცდელობა, რომელიც წარმატებით გვირგვინდება, არის მასტიმულირებელი. კომპლექსი სტერეოტიპული ხედვებისგან ყალიბდება, მათ შორისაა წონა, სამოსი. მთავარი არის, რომ არ დავარცხვინოთ ჩვენი შვილი იმის გამო, რომ ყველა კბილი უჩანს სიცილისას, ან ზედმეტი წონა აქვს. მას უბრალოდ ვესაუბრებით და ვუხსნით, რისთვის არის მნიშვნელოვანი, თუ ის ცოტათი მაინც დაიკლებს წონას. ავუხსნათ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის არის კარგი. თუ მას უფრო დავარცხვენთ წონის გამო, ეს გამოიწვევს კომპლექსის გაღრმავებას. რაც მთავარია, ხაზი გავუსვათ უნიკალურობას. ავუხსნათ ბავშვს, რომ ყველანი ერთნაირები და ერთი წონის ვერ ვიქნებით. ყველანაირი აღნაგობის ადამიანს აქვს თავისი სილამაზე, უნიკალურობა და ინდივიდუალურობა. მშობელმა წყალი უნდა დაუსხას და შეაყვაროს ბავშვს თავისი სხეული,“ - აღნიშნულ საკითხზე მერი გელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე” ისაუბრა.