ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში! შიში მხოლოდ დამცირებაა, ვამცირებთ იმას, ვისაც ვაშინებთ,“- შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში შიშის ფენომენის აღმოცენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიში არ არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება, ის შეძენილია:
„შიში თანდაყოლილი თვისება არ არის. ადამიანი არ იბადება შიშით. ის იბადება სიფრთხილის განცდით. ფრთხილი უნდა იყო, ცხოვრებას ითვისებ, ბევრი რამ შენთვის გაურკვეველია, ბილიკი არ გაქვს გაკვეთილი. სიფრთხილე გვმართებს ყოველთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვშფოთავდეთ და გვეშინოდეს. შიში ჩვენი სისუსტეა. თანდაყოლილი სიფრთხილე უნდა ვზარდოთ ჩვენში და ბავშვშიც უნდა ვზარდოთ. იქამდე კი არა, როგორც მოთხრობებშია აღწერილი, გაგანია სიცხეში წვიმის შიშით კაცი რომ ქოლგით გამოდის. ასეთი შფოთვა და შიში უგუნურებამდე მიგვიყვანს.“
შალვა ამონაშვილის თქმით, შიში ვერ გვიხსნის განსაცდელისგან და უმჯობესია, ფრთხილები ვიყოთ, ვიდრე გვეშინოდეს:
„ნათქვამია: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო.“ სიფრთხილე გვმართებს და არა შიში. სიფრთხილე ბავშვშიც უნდა აღვზარდოთ და ჩვენს თავშიც. ხომ არ ხდება ისე, ჩემო ძვირფასო მშობლებო, რომ თვითონ ვზრდით ჩვენს ბავშვებში შიშს?! ეს სიფრთხილე შეიძლება შიშში გადაიზარდოს, თუ ბავშვს სწორ გზაზე არ დავაყენებთ. როდესაც პატარა ბავშვს ვეუბნებით: „გაუშვი, ხელი არ ახლო, იქ არ მიხვიდე,“ ეს სიფრთხილეს ართმევს ბავშვს და მის ნაცვლად შიშს ნერგავს. სიფრთხილეს არავინ არ ზრდის ჩემში, მარტო მეუბნებიან, რომ ცუდი ამბავი მოხდება.“
„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში. ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. სიკვდილი ერთია, ყველას მოგადგებათ, თუმცა ყველას გისურვებთ ძალიან დიდხანს სიცოცხლეს. მოგვადგება სიკვდილი კარს და შიში გვიხსნის?! იქნებ ცნობისმოყვარეობით უნდა მივიღოთ ყველაფერი, რომ ვნახოთ: აბა ეს რაღა ყოფილა?! ჩვენი ბავშვები გმირებად უნდა გავზარდოთ. ჩვენ თვითონ გმირები უნდა ვიყოთ. შიში მხოლოდ დამცირებაა. ჩვენ თვითონ ვმცირდებით და იმათაც ვამცირებთ, ვისაც ვაშინებთ. შევეშველოთ ბავშვს, რომ თანდაყოლილი სიფრთხილე არ გადაეზარდოს შიშში. სიფრთხილე, გონივრული ქცევები, წინდახედულება, ეს ყოველთვის უნდა აღვზარდოთ ბავშვში. ბავშვს უნდა ვუთხრათ: „ნუ გეშინია, შვილო, მიდი! მე შენთან ვარ მშველელი!“ როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ აქვს მხარდაჭერა, მასში შიში არ აღმოცენდება,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.