ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სიყვარული პირობაა ქორწინებისთვის, მაგრამ ის არ არის საკმარისი,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიყვარული კონსტრუქციული გრძნობაა, რომელიც შენებაზეა აწყობილი:
„სიყვარული თავისი ბუნებით კონსტრუქციული გრძნობაა. ბუნებაში ასეა ჩადებული, რომ სიყვარულის მერე მესამე ადამიანი ჩნდება. ის შენებაზეა აწყობილი. ხშირად მიდის დავა, როდესაც ლტოლვა აღარ არის, მერე სიყვარული არის თუ არა? პასუხი დასანახად ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ ხანშიშესული ადამიანები, ცოლი და ქმარი. მათ ერთმანეთი არ უყვართ?! მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. სექსუალურად მიმზიდველი შეიძლება არცერთი არ არის, ფორმები შეცვლილი აქვთ, ერთს თმები აქვს დაცვენილი, მაგრამ მართლა უყვართ ერთმანეთი. მაშინ ამას რა დავარქვათ?!“
ზურა მხეიძის თქმით, გრძნობა სიყვარულია თუ არა, ამის დადგენა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეგვიძლია:
„ემოცია ბიოქიმიის გარეშე ვერ აღიძვრება. ზოგს ენდორფინი გამოეყოფა კლუბში, რადგან ხმაური უყვარს, ზოგს სიმშვიდე უყვარს. თუ ინტელექტუალურ პროცესს ჩართავ, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გიყვარს ადამიანი, ნამდვილად გექნება. სიყვარული სტაბილურია. ყველაფერს დრო აყენებს თავის ადგილზე. მე 19 წლის რომ ვიყავი, მეუბნებოდნენ: „არ იჩქარო, ერთი წელი მოიცადე.“ ვფიქრობდი: „რად უნდა ამას ერთი წელი?!“ რეალურად უნდა, იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში რაღაც ემოციები იკლებს, სიტუაციას უფრო კარგად ხედავ.“
„სიყვარული პირობაა ქორწინებისთვის, მაგრამ ის არ არის საკმარისი. ეს გადაწყვეტილება უკვე პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა. უნდა დაუშვათ, რომ თქვენი მეორე ნახევარი შეიძლება გასუქდეს, ხვრინვა დაიწყოს. შენ უნდა წარმოიდგინო მასთან თანაცხოვრების მთელი პერიოდი. ზუსტად ეს ეშლებათ, რომ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ერთმანეთზე ფიქრის გარდა ყველაფერზე ფიქრობენ, რემონტზე, ბავშვზე და ა.შ. იქმნება იმის დეფიციტი, რაც იყო წინათ. ყველა ფილმი ქორწინებით მთავრდება, იმიტომ, რომ შემდეგ არ არის საინტერესო,“- აღნიშნული საკითხის შესახებ ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.