Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი თამაშობს და ჩვენ უბრალოდ იქვე ვიმყოფებით, ეს არ არის კომუნიკაცია,“ - ენისა და მეტყველების თერაპევტი ანკა შამათავა

„როდესაც ბავშვი თამაშობს და ჩვენ უბრალოდ იქვე ვიმყოფებით, ეს არ არის კომუნიკაცია,“ - ენისა და მეტყველების თერაპევტი ანკა შამათავა

ენისა და მეტყველების თერაპევტმა ანკა შამათავამ ის აუცილებელი პირობები დაასახელა, რომელიც ენისა და მეტყველების განვითარებისთვის არის საჭირო:

„რა არის აუცილებელი პირობა ენისა და მეტყველების განვითარებისთვის? ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არის ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელიც ენისა და მეტყველების საშუალებით ამყარებს ურთიერთობას გარშემომყოფებთან. ენის ათვისება ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც უკვე მუცლადყოფნის პერიოდში იწყება, როდესაც ბავშვს ესმის მშობლების მეტყველება.“

ანკა შამათავას თქმით, ბავშვი მშობლიურ ენას გარემოსთან ურთიერთობით და თამაშით სწავლობს:

​დაბადებიდან ორ წლამდე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ენის დასწავლისთვის. როგორ დაისწავლის ბავშვი მშობლიურ ენას? ეს ხდება კომუნიკაციის საშუალებით. მხოლოდ გარემოსთან ურთიერთობით, თამაშით ხდება ენის ათვისება. მნიშვნელოვანია ბავშვის ორმხრივი ჩართულობა კომუნიკაციურ პროცესში მშობელთან ან თანატოლთან.“

„აუცილებელია მზერითი კონტაქტის არსებობა. აუცილებელია ჯერის დაცვა ურთიერთობაში. ასევე აუცილებელია, რომ ბავშვმა აქტივობის შინაარსი იცოდეს და ესმოდეს, რა აქტივობაშია ის ჩართული. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი ენის დასწავლა. რა არ არის კომუნიკაცია? კომუნიკაცია არ არის ტელევიზორის ყურება, როდესაც ბავშვი მხოლოდ ცალმხრივად იღებს გარედან შემოსულ ინფორმაციას. ​როდესაც ბავშვი თამაშობს და ჩვენ უბრალოდ იქვე ვიმყოფებით, ეს არ არის კომუნიკაცია, რადგან არ არის ორმხრივი და ცოცხალი პროცესი. იმისთვის, რომ ბავშვს დავეხმაროთ ენის ათვისებაში, აუცილებელია, რომ ის იყოს ჩართული აქტივობებში. აუცილებელია, რომ ბავშვს ესმოდეს ამ აქტივობის შინაარსი, აინტერესებდეს, რასაც აკეთებს,“ - აღნიშნა ანკა შამათავამ.

წყარო: ​მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად