Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გოგოა თუ ბიჭია, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ... ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება,“- ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა მუცლადმყოფ ბავშვთან მშობლების ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვს მუცელში ესაუბრები, სულ გამოხატავ, რომ შენ ის გიყვარს, რომ მასზე ზრუნავ, საუბრობთ, როგორ იყოს ის დაცული, როგორ ელოდებით სიხარულით. ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ, გოგოა თუ ბიჭია. ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება. ამ დროიდან განიცდის ადამიანი. როდის, როგორ გამოიხატება შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ეს არ ვიცით, ფსიქოლოგიურად მერე ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს.

მუცლადყოფნის პერიოდიდან დედა-შვილის, მამა-შვილის ურთიერთობის ჰარმონიას, ოჯახში სიტუაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. სადაც აყალმაყალია, ჩხუბია, იქ ბავშვი ყოველთვის დათრგუნულია. განვითარების პრობლემებიც კი შეიძლება შეიქმნას, იმიტომ, რომ შეშინებულია შიგნიდან ეს ადამიანი. ის ყოველთვის დაძაბულია. ბავშვი არის საოცარი ქმნილება. მუცლადყოფნის პერიოდის ბავშვობაც არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც გაჩენის შემდეგ ბავშვობა,“- მოცემულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“ 

წაიკითხეთ სრულად