Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, რას აკეთებთ თქვენი შვილებისთვის, არამედ ის, თუ რას აკეთებთ მათთან ერთად

ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, რას აკეთებთ თქვენი შვილებისთვის, არამედ ის, თუ რას აკეთებთ მათთან ერთად

მშობლებს შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო გვსურს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, რას აკეთებთ თქვენი შვილებისთვის, არამედ ის, თუ რას აკეთებთ მათთან ერთად.

მშობლები შვილების მთავარი მასწავლებლები არიან. ისინი მშობლების დახმარებით სწავლობენ, როგორ ესაუბრონ სხვებს, როგორ გადაჭრან კონფლიქტები. როგორც წესი, ბავშვები ამ ყოველივეს მშობლებთან ურთიერთობით და მათთან ერთად განხორციელებული აქტივობებით სწავლობენ.

ბავშვის სოციალური, შემეცნებითი, ფიზიკური, ემოციური განვითარება დაკავშირებულია ბავშვის მშობლებთან ურთიერთობასთან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვს ესაუბროთ და რეგულარულად ეთამაშოთ. ისინი ამ გზით ივითარებენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში საკუთარი პოტენციალის გამოყენებისთვის სჭირდებათ.

როდესაც თქვენ თქვენი შვილისთვის რაღაცას აკეთებთ, ის ამით უნარებს ვერ ივითარებს. ბავშვი სწავლობს, რომ როდესაც რაღაცის გაკეთება სურს, მშობელს უნდა სთხოვოს დახმარება. მშობლებს სურთ, რომ დამოუკიდებელი შვილები აღზარდონ, რომლებიც ზრდასრულობისას ყველა მიზანს დამოუკიდებლად მიაღწევენ. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შვილებთან დრო ხარისხიანად უნდა გაატაროთ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ასე უნდა მოიქცეთ, მათი ჯანმრთელობაა.

ბავშვებთან დროის გატარება და მათთან ერთად აქტივობებით დაკავება დიდ გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამ დროს ისინი ავითარებენ თქვენთან უსაფრთხო მიჯაჭვულობას და ჯანსაღ ურთიერთობას. ეს ეხმარება მათ გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, აიმაღლონ თვითშეფასება და დაინახონ, რომ არიან  მშობლებისთვის საყვარელი შვილები. ეს ყოველივე ამცირებს ბავშვის სტრესის დონეს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს დეპრესიისა და შფოთვის განვითარების რისკებს.

შვილებთან ერთად დროის ხარისხიანად გატარებით მათ ეხმარებით ჰქონდეთ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, ნაკლებად ჰქონდეთ პერფექციონისტული მისწრაფებები, ჰქონდეთ პრობლემური ქცევების დაბალი რისკი, მათ შორის, ნარკოტიკების მოხმარების. მართალია, დასაქმებული მშობლებისთვის შვილთან დროის ხანგრძლივად გატარება პრობლემაა, თუმცა ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი მათთან დროის ხარისხიანად გატარებაა.

წყარო:​ moms.com

წაიკითხეთ სრულად