Baby Bag

„იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ ერთმანეთის სიყვარულისთვის თავგანწირულად, ბოლო ამოსუნთქვამდე!“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში კონფლიქტებისა და დაძაბულობის პრობლემაზე ისაუბრა:

„ეკლესია თქვენს ოჯახს და თქვენს ურთიერთობას განიხილავს ძალიან მტკივნეულად. ეკლესიას ეს აწუხებს და უნდა, რომ ყველა ოჯახი იყოს ძლიერი და მტკიცე. ეკლესია დგება, როგორც შუამავალი, რომ დაალაგოს ის უსიამოვნება, რომელიც არის ოჯახურ ურთიერთობაში. კარგი იქნება, თუ მეუღლეებს ეყოლებათ ერთი საერთო სულიერი მოძღვარი, რომელსაც მიმართავთ, აუხსნით თქვენს მდგომარეობას, პრობლემებს. ის აუცილებლად შეეცდება, რომ ღმერთის შემწეობით გაერკვეს თქვენს ურთიერთობაში და რჩევები მოგცეთ.

მინდა, გირჩიოთ ერთი რამ, ერთმანეთისთვის ბრძოლას წყალში ნუ ჩაყრით. იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენ ერთმანეთს დაგაშოროთ. ნუ დაუთმობთ ეშმაკს ერთმანეთს! იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ თავგანწირულად! ნახავთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება! გადაივლის ეს ქარიშხლები!

ოჯახური ურთიერთობა ბრძოლის ველია, ბრძოლის ველი არა ერთმანეთთან, არამედ საკუთარ თავთან, საკუთარ ნაკლოვანებებთან, საკუთარ დაცემულ ბუნებასთან. იბრძოლეთ დაუღალავად, იბრძოლეთ ბოლომდე, იბრძოლეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთმანეთისთვის, ერთმანეთის სიყვარულისთვის! ებრძოლეთ საკუთარ ეგოიზმს! ეცადეთ, მიიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ. შეიყვაროთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ და შემდეგ ღმერთი როგორც საჩუქარს გაჩუქებთ ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც გინდათ, რომ იყოთ. სიყვარული მოგცემთ საშუალებას, რომ დროთა განმავლობაში მიემსგავსოთ ერთმანეთს, დათბეს და დატკბეს თქვენი ურთიერთობა,”- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მადლიერება თურმე წამალია, ადამიანი თუ მადლიერია, შეიძლება მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს,“ - მარინა კაჭარავა

„მადლიერება თურმე წამალია, ადამიანი თუ მადლიერია, შეიძლება მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მადლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მადლიერება ორგანიზმში ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს:

​მადლობის თქმის და მადლიერების დროს, თავის ტვინში აქტიურდება მადლიერების ცენტრი, რომელიც არის ლიმფური სისტემა. ის ჩვენს ემოციურ სფეროს აკონტროლებს. ამ დროს იწყება ენდორფინების, სიამოვნების ჰორმონის გამოყოფა. ადამიანი თუ მადლიერია, მასში ხდება ენდორფინების გამოყოფა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობაც კი გაუმჯობესდეს.“

მარინა კაჭარავას თქმით, მადლიერება წამალია და ის ადამიანს უკეთ ხდის:

„ბევრი მეცნიერი მიხვდა ამას, რომ მადლიერება თურმე წამალია. მე რომ მადლიერი ვარ, ჩემთვის არის კარგი და არა მისთვის, ვისი მადლიერიც ვარ. დილას ვიწყებ მადლობით და საღამოს ვამთავრებ მადლობით, იმიტომ, რომ ეს დღე მშვიდობიანად დამთავრა, ყველა სახლშია, ყველა ჯანმრთელია,მადლობა ღმერთს ამისთვის!“

„ადამიანს აქვს რესურსი.​ არასდროს არ გეძლევა ისეთი სიმძიმე, რომელსაც ვერ ასწევ. უბრალოდ იმ რესურსს ვერ პოულობ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რომ ასწიო ის პრობლემა. თუ ამ რესურსს მოიძიებ, მისი აწევაც შესაძლებელია. უფალი ამ რესურსს ყოველთვის გაძლევს. ვისაც ამის არ სწამს, ადამიანურ რესურსებსაც რომ ჩაუღრმავდეს, საკუთარ თავში ძალიან ბევრს დაინახავს. ადამიანი მადლობელი უნდა იყოს ყოველდღე, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად