რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„აკრძალვა და რადიკალური ზომები არ ამართლებს არანაირად, როდესაც მოზარდებზეა საუბარი,“ - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს
თამარ გაგოშიძემ ინტერნეტუსაფრთხოებისა და ბავშვების ეკრანზე მიჯაჭვულობის საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოზარდებთან რადიკალური ზომები არ ამართლებს:
„აკრძალვა, გამორთვა, როდესაც მოზარდებზეა საუბარი, რადიკალური ზომები არ ამართლებს არანაირად, იმიტომ, რომ ეს არის ცხოვრების ნაწილი. ჩემი თაობა ამ რეალობაში არის მიგრანტი და ახალგაზრდა თაობა არის აბორიგენი. მათი ტვინი ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი, ვიდრე ჩემი ტვინი. ისინი გაიზარდნენ ამ რეალობაში. ჩვენ ცარიელი ლოზუნგებით ვერ შემოვიფარგლებით. კარგად უნდა გავიგოთ ეს ფენომენი, თუ რა იზიდავს მოზარდს ინტერნეტსივრცეში.“
თამარ გაგოშიძის თქმით, უფროსები ინტერნეტსივრცეს კონკურენციას ვერ უწევენ:
„სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვუწევთ კონკურენციას ინტერნეტსივრცეს. გავარკვიოთ, რა არის მოზარდის გარდატეხის ასაკის სპეციფიკა. ვიღაცას რთული გარდატეხის ასაკი აქვს, ვიღაცას შედარებით მარტივი. ყველას აქვს ერთი კანონზომიერება: შენ გინდა შენი თავის დამკვიდრება, შენ ეძებ ცხოვრების საზრისს. მაშინ იწყება დაკვირვება თავის თავზე, სხვებზე, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა.“
„მოზარდების აღგზნების ზღურბლი არის ძალიან დაბალი. სარისკო ქცევები, მწვავე შთაბეჭდილებები გინდა ამ ასაკში, შენ გაინტერესებს ბევრი რამ. რაც უფრო აკრძალულია, უფრო გაინტერესებს. რაც უფრო დაფარულია, კიდევ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობაა. სარისკო ქცევისადმი გაქვს ეს ტენდენცია. რაც უნდა ჭკვიანი ადამიანი იყოს, ეს რისკიანობის მომენტი არის დამახასიათებელი ამ ასაკისთვის. ჩვენი თაობის დროს პარალელური სივრცე არ არსებობდა. ალტერნატივა ბევრი არ გვქონდა. დღეს ჩვენ გვაქვს ალტერნატივები. როდესაც ჩვენ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს მრავალფეროვნება და მოზარდების გარდატეხის ასაკის კანონზომიერებები უნდა გავითვალისწინოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.