შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ხშირ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრი ვერ იგებს მეორე ოჯახის წევრი რას განიცდის და უბრალოდ მშრალი წესების დამკვირდება უნდა ოჯახში,“ - რეზო კორინთელი
ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ოჯახის სიჯანსაღისთვის აუცილებელი ფუნქციების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოჯახი სისტემაა, რომელიც ქვესისტემებისგან შედგება:
„ოჯახი არის სისტემა, რომელიც ქვესისტემებისგან შედგება. ოჯახი აგრეთვე არის ქვესისტემა საზოგადოების. ყველაფერი პატარა ოჯახზე ახდენს ზეგავლენას. ოჯახს აქვს თავისი ფუნქციები. მისი ფუნქციაა სამეურნეო-ყოფითი, ოჯახს უნდა ჰქონდეს სახლი, შემოსავალი. ოჯახის მეორე ფუნქციაა აღმზრდელობითი, ოჯახმა უნდა გაზარდოს თაობა. მესამე ფუნქციაა სქესობრივ-ეროტიკული, ცოლ-ქმარს შორის უნდა იყოს სიყვარული. ოჯახს სჭირდება ემოციები. უემოციო ოჯახი, ჩაკეტილი ოჯახი არ არის ცოცხალი. ადამიანი, რომელიც არ არის ემოციური, ის არ განიხილება ცოცხალ ადამიანად. დღეს მეცნიერება თვლის, რომ ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია ადაპტაციისთვის, ვიდრე კომპიუტერული ინტელექტი.“
რეზო კორინთელის თქმით, ოჯახს ემოციური კავშირი აუცილებლად სჭირდება:
„რას გულისხმობს ემოციური ინტელექტი? ის გულისხმობს საკუთარი ემოციების გამოცნობის უნარს. ის ასევე გულისხმობს სხვისი ემოციების გამოცნობის უნარს, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი და ამ ემოციების მართვის უნარს. ეს ოჯახს აუცილებლად სჭირდება. ხშირ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრი ვერ იგებს მეორე ოჯახის წევრი რას განიცდის ან ბავშვი რას განიცდის და უბრალოდ მშრალი წესების დამკვირდება უნდა ოჯახში.“
რეზო კორინთელის თქმით, ოჯახის სიჯანსაღისთვის მისი სულიერი ფუნქციაც მნიშვნელოვანია:
„ბოლოს არის ოჯახის სულიერი ფუნქცია, ანუ რითი ცხოვრობს ოჯახი, რისთვის ცხოვრობს ოჯახი. თუ ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მაშინ ეს ოჯახი არის ჯანსაღი. თუ ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის, მაშინ ეს ოჯახი ჯანსაღი არ არის. იმისთვის, რომ ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს, ოჯახში ნაწილდება როლები. აღმზრდელობითი როლი მშობელს ეკუთვნის, ემოციური როლი შეიძლება ბავშვი იყოს.“
„არის ე.წ. დემონსტრაციული ოჯახები, სადაც ყველაფერი კეთდება იმისთვის კი არა, რომ ოჯახმა ერთმანეთთან ურთიერთობაში გაიხაროს, გააძლიეროს ერთმანეთი, არამედ საჩვენებლად, დემონსტრაციისთვის: „აი, როგორი ოჯახი გვაქვს.“ იქ ეს უკვე ნიღბისთვის კეთდება, საჩვენებლად კეთდება. რა თქმა უნდა, ამ ოჯახში უნდა დამალო უარყოფითი, არ უნდა ილაპარაკო ამაზე. „ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს“ და იქმნება ორმაგი სტანდარტები. ერთი სინამდვილეა გარემოსთვის, მეორე სინამდვილეა შიგნით. ვთქვათ, ოჯახი მალავს ერთ-ერთი წევრის ავადმყოფობას. თუ ავადმყოფობას ჩვენ განვიხილავთ, როგორც უბედურებას, ვფიქრობთ: „არ გაგვიმართლა და ბავშვი ავად გახდა.“ ამ ავადმყოფობაში მთელი ოჯახია მონაწილე. შემთხვევით ავადმყოფობა არ ხდება, სომატურ ავადმყოფობაზეც ვამბობ,“ - აღნიშნულ საკითხზე რეზო კორინთელმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.