შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„განათლებულმა მშობელმა შეიძლება მართოს შვილის მონოლოგი, მონოლოგის შემდეგ კი მოდის დიალოგი,“ - დავით ზურაბაშვილი
ფსიქიატრმა დავით ზურაბაშვილმა ბავშვებში ფსიქიკური პრობლემების მატების ტენდენციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფსიქიატრიული პრობლემების წინასწარი განწყობა ყველა ბავშვშია, მთავარია მშობლები ჩართავენ თუ არა ამ მექანიზმს:
„ფსიქიკური პრობლემებისადმი წინასწარი განწყობა არის აბსოლუტურად ყველა ბავშვში, განწყობა არის აბსოლუტურად ყველა მშობელში. ჩვენ ჩვენი საქმიანობით, ცხოვრების წესით, ურთიერთობით, დასვენების წესით, შეგვიძლია ან ჩავრთოთ ეს მექანიზმი, ან არ ჩავრთოთ. მაგალითად, შაბათ-კვირას მე თეორიულად ვარ თავისუფალი და უნდა წავიდე სადღაც დასასვენებლად. მე შეიძლება ეს დასვენება გამოვიყენო საოჯახო დასვენებისთვის ან გამოვიყენო აბსოლუტურად სხვანაირად. დიდი ხნის წინ ჩემი მეგობარი აშენებდა სახლს და მკითხა, რა როგორ გაეკეთებინა. მე ვუთხარი ასეთი რამ, რომ იყიდე მხოლოდ ერთი ტელევიზორი. თუ ყველას თავისი ექნება, მაშინ არ გექნებათ ადგილი, სადაც საღამოს ერთად დასხდებით და იკამათებთ, რას უყუროთ.“
დავით ზურაბაშვილის თქმით, კამათიც ურთიერთობაა და მარტოობის დაძლევაში გვეხმარება:
„კამათიც არის ურთიერთობა. უწინ იყო გენიალური ტრადიცია, როდესაც ვიცოდით, რომ 6 საათზე ყველანი ვსადილობთ. ეს სამწუხაროდ აღარ გვაქვს, დრო აღარ გვაქვს. მე 6 საათზე მორიგეობა მეწყება, იმას 7-ზე ლექცია აქვს, ის დილით უნდა ადგეს და ა.შ. ყველაზე კარგი წამალი არის ურთიერთობა. ავიღოთ სუიციდი, ეს არის არასწორი პასუხი მარტოობაზე. მე ვერანაირი გამოსავალი, ვერანაირი გზა ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე, რომ დავამთავრო ამასთან ურთიერთობა. თუ მე გვერდით მყავს ვიღაც, თუნდაც არასწორი მრჩეველი, მაშინ მე იმას დაველაპარაკები. მოსმენის სურვილიც საკმარისია.“
„პირველი, რასაც ვასწავლით, არის შემდეგი: „ისწავლე სწორი მოსმენა!“ განათლებულმა მშობელმა შეიძლება მართოს შვილის მონოლოგი, მონოლოგის შემდეგ კი მოდის დიალოგი. რომელიც აჩერებს ან ცვლის ამ სტატისტიკას. რაც შეეხება დაძალებას, ამ ტერმინით შეიძლება სულ სხვა რამ აღვნიშნოთ. მე თქვენ შეიძლება რაღაც გაიძულოთ, მაგრამ ეს თქვენთვის კომფორტული იყოს, სასარგებლო იყოს. ჩვენ რომ გვზრდიდნენ მშობლები, სულ რაღაცას გვაძალებდნენ. ეს სწორი იყო, თუ არ იყო? სწორი იყო,“ - აღნიშნულ საკითხებზე დავით ზურაბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.