შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„მშობლები ბავშვს ხშირად ისეთ რაღაცებს უკრძალავენ, რისი გაკეთებაც მას რეალურად შეუძლია, რისი უფლებაც აქვს,“ - მარიამ ხვადაგიანი
ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა ბავშვის განვითარებაში არსებული კრიტიკული ეტაპების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 3 და 5 წლის ასაკი კრიზისულ პერიოდად ითვლება:
„ადამიანის განვითარებაში არის ეტაპები, როდესაც არის ე.წ. კრიზისული პერიოდები. ბავშვის განვითარებაში ეს პირველი არის სამი წლის ასაკში. შემდეგ არის 5 წლის ასაკში. 3 წლის ასაკში ბავშვს თვითდამკვიდრების სურვილი აქვს. ის ეგოცენტრულია და მოითხოვს, რომ ყველაფერი, რაც მას უნდა, შეუსრულონ. მას უნდა, რომ სამყარო შეიმეცნოს ისე, როგორც თვითონ უნდა და არა ისე, როგორც მშობელი ასწავლის. მეორე ასეთი ეტაპი არის 5 წლის ასაკში.“
მარიამ ხვადაგიანმა ბავშვის კაპრიზულობასთან გამკლავების ეფექტიანი მეთოდები გააცნო:
„ბავშვს თუ რაღაცის გაკეთება არ სურს, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს. უნდა ვუთხრათ, რომ თუ ამას არ გავაკეთებთ, ამ შემთხვევაში სხვა რაღაც, რაც მისთვის სასურველია, მასაც ვერ მივიღებთ ან პირიქით, თუ ამას გავაკეთებთ, რაღაც ჯილდო მოჰყვება. ზოგადად ჯილდო უფრო კარგი მეთოდია, ვიდრე დასჯა, მაგრამ ხანდახან სხვა გზა არ გვაქვს. შეპირება არ უნდა იყოს მხოლოდ საგნებსა და ობიექტებზე. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ აქტივობა, რომ მე და შენ საღამოს გავისეირნებთ. როდესაც ტკბილეულით აჯილდოვებენ ბავშვს, მთავარი შეცდომა არის, რომ დიდხანს ამ ეტაპზე არ უნდა გავჩერდეთ. მერე უკვე იმდენად ეჯაჭვება ბავშვი, რომ არაფერს აღარ აკეთებს, თუ ყოველ ნაბიჯზე არ მივცემთ ტკბილეულს. თუ ბავშვი ისტერიკაშია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვალით კონტაქტი არ იყოს. სანამ ბავშვს ყურადღებას არ აქცევთ, ეუბნებით, რომ მსგავსი ქცევით ვერ მიიღებს, რაც სურს. ბავშვი დაწოლილზე ხოხვით მოდის ხოლმე, რომ თვალით კონტაქტი ისევ დაამყაროს, იმიტომ, რომ თუ არ უყურებ, ხვდება, რომ არ გაინტერესებს. ორი წლიდან ბავშვს ძალიან კარგად შეუძლია მანიპულირება. იგნორი ამ შემთხვევაში არის საუკეთესო გამოსავალი.“
„ყველა ბავშვი გადის ამ ეტაპებს. დამოუკიდებლობა ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია. ცოტა სასაცილოა ხოლმე მშობლისთვის, როდესაც 3 წლის ბავშვი იწყებს რაღაცების გაპროტესტებას. სინამდვილეში ის უკვე გაიზარდა და მომწიფდა იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია ჰქონდეს. შესაბამისად, მას არ ესმის, რატომ არ შეიძლება რაღაც, რაც შეიძლება უფროსისთვის. ეს უფრო მკვეთრად გამოხატულია ხუთი წლის ასაკში. ის არც დიდია, აღარც პატარა. ამბობს: „ დიდი ვარ და შემიძლია ამის გაკეთება.“ მშობლები ბავშვს ხშირად ისეთ რაღაცებს უკრძალავენ, რისი გაკეთებაც მას რეალურად შეუძლია, რისი უფლება და მოთხოვნილებაც აქვს,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.