შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყურის ჩხირის გამოყენებას ბავშვებში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ყურის ანთებითი დაავადებების გამომწვევი მიზეზებისა და იმ გართულებების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ხშირად მშობლების უნებლიე შეცდომები იწვევს:
„ყურის ანთება შეიძლება იყოს როგორც ვირუსული ეტიოლოგიის, ასევე ბაქტერიული და სოკოვანი ეტიოლოგიის. ის, პირველ რიგში, უკავშირდება იმ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, რაც ადრეული ასაკის ბავშვებს გააჩნიათ. მათ გარეთა სასმენ მილში უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული ხრტილოვანი და კანქვეშა ქსოვილი, რის გამოც აქ არ არის დამცველობითი ჯირკვლები, არ არის თმიანი საფარველი. შესაბამისად, ვერ ხდება მიკრობების გამოდენა. შუა ყურში არის ევსტახის მილი. დიდი რაოდენობით არის მომარაგებული სისხლძარღვებით ეს მილი ადრეული ასაკის ბავშვებში, შესაბამისად სხვადასხვა ვირუსული ინფექციების ან თანდართული ბაქტერიული ინფექციების დროს მეტი ალბათობაა შუა ყურის ოტიტის განვითარების. ხშირად არის დაფის აპკის ანთება. ექიმმა უნდა განაცალკევოს, ყურის ტკივილი გვაქვს თუ ანთება.“
თემურ მიქელაძის თქმით, ყურის სხვადასხვა დაავადების გამომწვევად ზოგჯერ, შესაძლოა, არახელსაყრელი გარემო პირობებიც იქცეს:
„გარეთა სასმენ მილში ისედაც მდებარეობს სხვადასხვა პირობით პათოგენური ფლორა. საკმარისია რაღაც არახელსაყრელი პირობები, მაგალითად, ზედმეტი ტენიანობა, სიმშრალე, ამ დროს დამცველობითი ფუნქცია ქვეითდება. ძალიან ხშირად ბავშვები სხვადასხვა ჩხირით იზიანებენ ყურს. მშობლებს ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ყურის საწმენდი ჩხირების გამოყენება. სასურველია გამოვიყენოთ ისეთი ჩხირი, რომელსაც აქვს თავისი დამცველი ზედაპირი, ანუ ის არ შედის უშუალოდ ღრმად, მხოლოდ ზედაპირულად უნდა დავამუშაოთ. როგორც მოგეხსენებათ, გოგირდი არის დამცველობითი და ის ამ გოგირდით იშორებს მიკრობებს. ზედმეტი ჩხირების გამოყენებით ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ გოგირდის საცობი და თვითონ საცობმა შეუწყოს ხელი მეორადად ბაქტერიული ინფექციის გავრცელებას. სწორედ ამ დროს ვითარდება ხოლმე სოკოვანი გარეთა ოტიტები, ბაქტერიული გარეთა ოტიტები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყურის ჩხირის გამოყენებას ბავშვებში.“
„მშობლები საკმაოდ ხშირად აწვეთებენ თვითნებურად სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. ამ დროს ექიმს არ აქვს დიფერენცირებული, შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს შუა ყურის ანთება. ამ დროს შეიძლება მოხდეს დაფის აპკის გახსნა. ამ ტკივილგამაყუჩებლებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს დაავადების გართულება.ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ექიმთან მისვლამდე ასაკობრივი დოზის გათვალისწინებით მიიღონ პეროლარული მოქმედების ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი და შემდგომ მიმართონ ექიმს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.