შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„მამა არის ღმერთის სახე ოჯახში. ბავშვისთვის არის კარგი, როდესაც ხედავს, რომ ოჯახში მამას პატივს სცემენ,“ - მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ოჯახში მამის როლის შესახებ ისაუბრა და ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„ოჯახი უნდა იყოს სუბორდინირებული. ეს აუცილებელია ბავშვისთვის. ვთქვათ, სუფრას შლი და სადილი უნდა მიაწოდო ქმარს და შვილებს. პირველად ვის მიაწოდებ? ქართულ კულტურაში ამბობენ, რომ შვილებს, იმიტომ, რომ ყველაფერია შვილები. სჯობს, რომ ჯერ ქმარს მიაწოდო, იმიტომ, რომ ეს შვილებისთვის არის კარგი. ბავშვისთვის არის კარგი, როდესაც ხედავს, რომ ოჯახში მამას პატივს სცემენ. ვინ არის მამა ოჯახში? დიდად არ განსხვავდება ფსიქოლოგიური მიდგომა რელიგიურისგან. მამა არის ღმერთის სახე ოჯახში. როგორც ყველა ჩვენგანისთვის არის უსაფრთხოების გარანტორი ღმერთი. მორწმუნე ადამიანისთვის მთავარი დასაყრდენი არის უფალი. ბავშვისთვის არის მამა და დედა. ბავშვი გრძნობს თავს მშვიდად და უსაფრთხოდ, თუ ის არის მამის წიაღში.“
მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ბავშვი მამის იმედადაა და თუ ის დისკრედიტირებულია, ბავშვის თვალში ძალას კარგავს:
„თუ შეგიმჩნევიათ ბავშვები ეზოში ამბობენ: „მამა მოვა და გადაგაგდებს ამერიკაში, მოგერევა.“ ეს ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არის მამის იმედად. თუ მამა არის დისკრედიტირებული ოჯახში, ამ შემთხვევაში ბავშვის თვალში მამა კარგავს იმ ფასს და ძალას, რაც ექნებოდა სხვა შემთხვევაში. ადამიანს აქვს იდეალიზაციის მოთხოვნილება. ბავშვს აქვს მოთხოვნილება, რომ ვიღაც ჰყავდეს იდეალური. თუ ბავშვს იდეალიზაციის მოთხოვნილებას მშობელი ვერ უკმაყოფილებს ბავშვობაში, ბავშვი ამ მოთხოვნილებას სხვა დროს და სხვა მდგომარეობაში იკმაყოფილებს. ეს ხშირ შემთხვევაში კუმირებსა და ფანატიკურ მიჯაჭვულობებში გადადის. ადამიანს უნდა, რომ ჰგავდეს სხვას. ვისაც ეს მოთხოვნილება ბავშვობაში არ დაუკმაყოფილდა, ის მომავალში არის ძალიან ორიგინალური. ამ ყველაფრის ჰიპერკომპენსაცია ხდება.“
„ოჯახში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა. ავტორიტეტი ძალით ვერ გახდები. განა ჩემი საუბარი ზრდის ბავშვს და მე რას ვასწავლი, მე როგორც ვიქცევი, ეს არის მთავარი. ქცევის მოდელის იმპრინტირება ხდება ტვინში. ჩვენ ყველას გვაქვს ქცევის რეპერტუარი. ლიბერალური ოჯახის გაგება თუ ის არის, რომ მე არ მაინტერესებს, შენ რას აკეთებ, ეს არ არის სწორი და კარგი. ადამიანს ასევე აქვს აღიარების მოთხოვნილება. ყველას გვინდა, რომ პატივი გვცენ. როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მეც იმას ვაკეთებ, რაც მინდა, ეს არ არის ოჯახი უკვე. ასეთ ურთიერთობაში შეიძლება მეზობელთან იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს უფლება ან განმარტოების, ან მეგობრებთან წასვლის. ყველაზე მთავარი ოჯახში არის პატივისცემა. რომ ვამბობთ სიყვარული, ხანდახან გასარკვევია რა არის ეს სიყვარული. სიყვარულს მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და მაინც არ ვიცით. შეიძლება მეორე ადამიანისთვის დამანგრეველიც იყოს ეს სიყვარული. უფრო მნიშვნელოვანია, მე მას ვცემდე პატივს. ვცემდე პატივს არა როდესაც გაიზრდება, არამედ როდესაც ჩაისახება ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.