შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
რა მოხდება, თუ ბავშვი დესერტს ძირითად კერძამდე მიირთმევს?
ბავშვებს ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ. მშობლებმა კარგად იციან, რომ სადილობის შემდეგ პატარები მოუთმენლად ელიან მათ კუთვნილ დესერტს. როგორც აღმოჩნდა, დესერტის მირთმევის დრო ბავშვის ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. დესერტის მიღება ძირითადი კერძის მირთმევამდე პატარებისთვის სასარგებლოა.
ბავშვები დესერტს განსხვავებულად აღიქვამენ
ტკბილეული ჯანსაღი კვების შემადგენელი ნაწილია. ტკბილ საკვებს ბავშვებისთვის ბედნიერება მოაქვს. როდესაც ბავშვს დესერტს რეგულარულად სთავაზობთ, ის კვების რაციონის ნაწილი ხდება. ბავშვი ტკბილეულისადმი მოჭარბებულ ლტოლვას აღარ ავლენს. როდესაც ბავშვს ტკბილეულს იშვიათად სთავაზობენ, ის მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ბავშვი ჯანსაღ წონას ინარჩუნებს
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ძირითად კერძამდე დესერტის მიღება ბავშვებს ჭარბი კილოგრამების მოშორებაში ეხმარება. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტკბილი დესერტის მირთმევის შემდეგ ბავშვები ჭარბ საკვებს აღარ მიირთმევდნენ და გაცილებით მარტივად ნაყრდებოდნენ.
დესერტებისადმი სიყვარულის გამოვლენა არავის უკვირს. ყველამ იცის, რომ ტკბილეული ჩვენს განწყობაზე დადებითად ზემოქმედებს. როდესაც ბავშვი დესერტს მიირთმევს და შემდეგ ძირითად კერძს ვაძლევთ, სადილი მთელი ოჯახისთვის ნაკლებად სტრესულია, რადგან პატარა ბედნიერია. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ტკბილეულისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, მეგობრულები და ემპათიურები არიან.