Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„აუცილებელია, მშობლებმა გადავლახოთ შინაგანი სტრესი და შფოთვა იმისა, რომ ბავშვმა შეიძლება იტიროს,“- ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

„აუცილებელია, მშობლებმა გადავლახოთ შინაგანი სტრესი და შფოთვა იმისა, რომ ბავშვმა შეიძლება იტიროს,“- ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ მშობლებს მოუწოდა გადალახონ შინაგანი სტრესი იმის გამო, რომ შეიძლება ბავშვმა მათთან განშორებისას იტიროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში წასვლამდე მშობელი შვილს დაემშვიდობოს:

„აუცილებელია, მშობლებმა გადავლახოთ ეს შინაგანი სტრესი და შფოთვა იმისა, რომ ბავშვმა შეიძლება იტიროს. თუნდაც განშორების დროს, მაგალითად, როდესაც დედა სამსახურში მიდის, ურჩევნია ბავშვის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ან ბებიამ გაიყვანოს ბავშვი, ვიდრე დაემშვიდობოს. სინამდვილეში, პირიქით, როდესაც მშობელი რაღაც რიტუალს ასრულებს, რომ მე სამსახურში მივდივარ და ამ დროს გეხუტები, გემშვიდობები, ​ეს გაცილებით მშვიდი, ეფექტიანი და ბავშვისთვის სასარგებლოა, ვიდრე იმ მიზნით მისი მოტყუება, რომ სტრესი არ მიიღოს.“

ნინო ბუაძის თქმით, ბავშვებს, რომლესაც მშობლები სახლიდან ეპარებიან, მუდმივი შიში აქვთ იმისა, რომ დედა მოულოდნელად წავა სახლიდან:

„მშობლები ხშირად საუბრობენ: „როდესაც სახლში ვარ, სულ დამსდევს, დამყვება, მეკითხება: ხომ არ წახვალ?“ მას არ აქვს განცდა, რომ დედა შეიძლება იყოს სტაბილურად მასთან, ვინაიდან დედა მოულოდნელად მიდის. მთელი ​დღის განმავლობაში ბავშვს აქვს შფოთვა იმისა, რომ დედა არ გავიდეს მოულოდნელად სახლიდან. მნიშვნელოვანია, ბავშვს დავემშვიდობოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ჩვენთვისაც და ბავშვისთვისაც იყოს მატრავმირებელი, იტიროს და ამან გული აგვიჩუყოს.“

„ბავშვს ეცოდინება, რომ მხოლოდ ამ დამშვიდობების ხელის დაქნევით წყდება ჩვენს შორის ხანმოკლედ კავშირი. როდესაც დედა ბრუნდება, ის არის სრულად ჩემი,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ბუაძემ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.

წყარო:​ „აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად