Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი ბრაზს განიცდის, მას შიშის განცდაც ეუფლება. ამ დროს ბავშვებს საღად ფიქრი უძნელდებათ,“ - ფსიქოლოგი ხათუნა დოლიძე

„როდესაც ბავშვი ბრაზს განიცდის, მას შიშის განცდაც ეუფლება. ამ დროს ბავშვებს საღად ფიქრი უძნელდებათ,“ - ფსიქოლოგი ხათუნა დოლიძე

ფსიქოლოგმა ხათუნა დოლიძემ ბავშვებში ბრაზის მართვის უნარების ჩამოყალიბებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„როდესაც ბავშვი ბრაზს განიცდის, მას შიშის განცდაც ეუფლება. ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ამ დროს ორგანიზმში ხდება, გონებას იმდენად იპყრობს, რომ ბავშვებს საღად ფიქრი უძნელდებათ. ბავშვების უმეტესობას სჭირდება უფროსების დახმარება იმისთვის, რომ მართოს ბრაზი, დამშვიდდეს, დაარეგულიროს ნერვული სისტემა. მნიშვნელოვანია უფროსის მხრიდან იმის ძიება, თუ რა ამშვიდებს და რა აღადგენს ბავშვის ნერვულ ბალანსს. პირველი დახმარება ბავშვებისთვის არის მშობლის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება.“

ხათუნა დოლიძემ აღნიშნა, რომ ბავშვის სიბრაზეს მშობელი მოთმინებით უნდა შეხვდეს:

„როდესაც ბავშვი ბრაზობს და ის უყურებს მშობელს, რომელმაც ასევე დაკარგა კონტროლი, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მის შიშს. მშობლები უნდა იყვნენ გზის გამკვალავები. ბავშვები მშობლის იმედად არიან. როდესაც უფროსი ვერ უმკლავდება ამ ძლიერ ემოციებს და კარგავს კონტროლს, მაშინ რატომ ბრაზდება ის ბავშვზე, როდესაც ის იმავეს ვერ აკეთებს?!“

„საუკეთესო იარაღი ბრაზის მართვის სწავლების არის ემპათიით მოსმენა. ამით არამხოლოდ ემოციურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ბავშვს, არამედ ვუმტკიცებთ რწმენას, რომ უარყოფით ძლიერ ემოციებთან გამკლავება შესაძლებელია,“- აღნიშნულ საკითხზე ხათუნა დოლიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „საქართველოს პირველი არხი“

წაიკითხეთ სრულად