Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის გარემო უნდა იყოს სულ ღიმილით სავსე, განსაკუთრებით დედის მხრიდან,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ბავშვის გარემო უნდა იყოს სულ ღიმილით სავსე, განსაკუთრებით დედის მხრიდან,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ჩვილ ბავშვთან ურთიერთობისას მშობლის პოზიტიური განწყობისა და დამოკიდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვმა, შესაძლოა, სიხარულის განცდის უნარი ახალშობილობიდანვე დაკარგოს:

​„სიხარულის განცდის უნარის დაკარგვა ახალშობილობიდანაც კი იწყება. სულ რამოდენიმე თვის ბავშვზე ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: დედას დაავალეს, რომ როდესაც ბავშვს უცვლიდა, მას უნდა ჰქონოდა მკაცრი, მოღუშული, მოღრუბლული სახე. ეს რომ რამოდენიმეჯერ განმეორდა და დედა ბავშვთან შევიდა, ბავშვმა თავი განზე გასწია. მან დედას აღარ შეხედა. ეს იყო ოთხი-ხუთი თვის ბავშვი.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ბავშვის გარემო ღიმილით უნდა იყოს სავსე:

„ბავშვის გარემო უნდა იყოს სულ ღიმილით სავსე. ეს განსაკუთრებით უნდა იყოს დედის მხრიდან ან იმ აღმზრდელის მხრიდან, რომელიც ბავშვთან ურთიერთობს. საჭიროა, რომ ბავშვს ღიმილი, სითბო, კეთილგანწყობა, თბილი საალერსო სიტყვები ჰქონდეს, განსაკუთრებით ბიოლოგიური დედისგან.“

„ცნობილი ფსიქოლოგი ერიკ ერიქსონი ამბობს, რომ წლისა და რვა თვის ასაკამდე იმის მიხედვით, თუ როგორია დედის ან აღმზრდელის დამოკიდებულება ბავშვთან, ბავშვს უყალიბდება სამყაროს მიმართ ნდობა ან უნდობლობა. თუ სითბოს ნაკლებობაა, ​თუ ღიმილის ნაკლებობაა, თუ ხმის ტემბრი არ არის ალერსის გამომხატველი, ყალიბდება სამყაროს მიმართ უნდობლობა. ეს სიცოცხლის ბოლომდე ადამიანის საბაზისო მდგომარეობაა. მერე ვინ იცის, რამდენი რამ სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ხალისი დაუბრუნდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად