Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის ტანსაცმელი სწორად? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის ტანსაცმელი სწორად? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ევგენი კომაროვსკი წიგნში „365 რჩევა ბავშვის ცხოვრების პირველი წლისთვის“ ბავშვის ტანსაცმლის შერჩევასთან დაკავშირებით მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს. ჩვენს სტატიაში ​ექიმი კომაროვსკის წიგნიდან ამონარიდს გთავაზობთ, რომელიც ბავშვის სამოსის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ:

ტანსაცმელი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან დაიცვას სიცხის, სიცივის, წვიმის ან ქარის შემთხვევაში. თუ გარემო კომფორტულია, ტანსაცმლის გარეშე ყოფნაც სავსებით შესაძლებელია. ბავშვის ტანსაცმლის განსაკუთრებულობა მის სილამაზესა და ქსოვილის ხარისხში კი არ არის (თუმცა ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ მის კომფორტულობაში. ბავშვის ტანსაცმელი კომფორტული უნდა იყოს, როგორც მისთვის, ასევე იმ ზრდასრული ადამიანისთვისაც, რომელიც მასზე ზრუნავს.

მშობელი უნდა იცნობდეს თანამედროვე საბავშვო ტანსაცმლის იმ თავისებურებებს,​ რომლებიც მის კომფორტულობაზე მიგვითითებენ. ეს ცოდნა მას ბავშვის ტანსაცმლის სწორად შერჩევაში დაეხმარება. ეს თავისებურებები შემდეგია:

  • საბავშვო ტანსაცმელი, იქნება ეს ქუდი, შარვალი თუ ქურთუკი, იმგვარად უნდა იყოს შეკერილი, რომ მძინარე ბავშვისთვის მისი გახდა მარტივად შეძლოთ.
  • ქსოვილი აუცილებლად რბილი უნდა იყოს, რათა ბავშვის კანი არ გააღიზიანოს.
  • ნებისმიერ ტანსაცმელში ბავშვის თავი მარტივად უნდა ეტეოდეს. სპეციალური ღილების დახმარებით ზომის გადიდება უნდა შეგეძლოთ. თუ ბავშვს ტანსაცმელში თავის გაყოფა უძნელდება, მსგავსი ტანისამოსი რეკომენდებული არ არის.
  • კომბინიზონებს, რომპერებსა და შარვლებს სპეციალური ღილები უნდა ჰქონდეს, რომელთა დახმარებით საბავშვო საფენების გამოცვლას ისე შეძლებთ, რომ ბავშვისთვის ტანსაცმლის გახდა არ დაგჭირდებათ.
  • ბავშვს ზურგზე უნდა ეძინოს, რის გამოც საკინძეები ტანსაცმლის წინა მხარეს უნდა იყოს განთავსებული.
  • ​ზედა სამოსის სახელოები განიერი უნდა იყოს, რათა დედამ ხელით შეძლოს სახელოების შიგნით ხარვეზების გასწორება.
  • არ არის საჭირო ზედმეტი ბაფთები, ქამრები და თასმები.

დიდი ზომის სამოსის შეძენა ბავშვს ძილში ხელს არ უშლის და არც მის ზრდას აბრკოლებს. მსგავსი ტანისამოსის შეძენით თქვენ თანხის დაზოგვასაც შეძლებთ. ერთი ზომით დიდი ტანსაცმელი ბავშვისთვის მანამ შეგიძლიათ შეიძინოთ, სანამ ის სიარულს დაიწყებს. 

წაიკითხეთ სრულად