Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რჩევები მათთვის, ვისაც ჩაძინება უჭირს

რჩევები მათთვის, ვისაც ჩაძინება უჭირს

ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:

,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''

ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:

,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''

ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:

,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ. 

ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.  

წყარო: ​,,პოსტ ალიონი''

წაიკითხეთ სრულად