Baby Bag

როგორ შევაპაროთ ბავშვს საკვები, რომელიც არ უყვარს? - ექიმების საინტერესო რჩევები მშობლებს

როგორ შევაპაროთ ბავშვს საკვები, რომელიც არ უყვარს? - ექიმების საინტერესო რჩევები მშობლებს

მედიკოსები მშობლებს ურჩევენ, რომ სასარგებლო პროდუქტებისადმი ბავშვის ინტერესის გასაღვივებლად სხვადასხვა ხრიკს მიმართონ. ექიმების განცხადებით, სასარგებლო პროდუქტების ჭამას მშობლებმა გართობის სახე უნდა მისცენ:

„სასარგებლო პროდუქტების ჭამას უნდა მივცეთ გართობის სახე. შეგვიძლია პროდუქტი დავჭრათ ნამცხვრის ფორმების საშუალებით. შეგვიძლია ამოვჭრათ დათუნიები, გულები, ვარკვლავები. თუ კვერცხი არ უყვარს ბავშვს და ვაჩვენებთ, აი, როგორი გული გვაქვს და რა ლამაზია, ის აუცილებლად შეჭამს. მოხარშული კვერცხისგან შეგვიძლია დავამზადოთ ძალიან ლამაზი საკვები.“

ექიმების თქმით, ბავშვი პროდუქტების შეძენისას ჩვენთან ერთად უნდა იყოს და ყიდვის პროცესში მონაწილეობა მიიღოს:

„პროდუქტების საყიდლად როდესაც წახვალთ, ბავშვიც უნდა წაიყვანოთ. ხილ-ბოსტნის განყოფილებიდან თვითონ აირჩიოს ის, რაც მოსწონს. შემდეგ ამ ყველაფერს სახლში მიიტანთ, ბავშვს აქვს განცდა, რომ თვითონ იყიდა. მას უჩნდება სურვილი, რომ თავისი არჩეული დააგემოვნოს და გასინჯოს. ჩემს უმცროს შვილს არ უყვარდა ყველი. მამაჩემმა გადაწყვიტა ასეთი რამ, რომ ყველის საყიდლად როდესაც მიდის, სანდრო მიჰყავს, რომ აარჩიოს. ჩვენს უბანში ყველა ყველის გამყიდველმა იცის, რომ სანდრო მიდის, არის დიდი კონკურენცია. ეს რამდენიმეს დაიწუნებს და მერე აარჩევს ხოლმე. მან დაიწყო ყველის ჭამა, სხვათა შორის.“

„ზოგიერთი მშობელი ბავშვს ეუბნება: „თუ კარგად მოიქცევი, თუ ამას მიირთმევ, მე შენ გაჭმევ შოკოლადს. ამის შემდეგ ბავშვს აუცილებლად გაუჩნდება დამოკიდებულება, რომ ტკბილეული არის საუკეთესო საჭმელი, რომელიც ამ უვარგისი საკვების მიღების შემდეგ უნდა მიირთვას,“- აღნიშნული რჩევები მედიკოსებმა მშობლებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ მისცეს.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად