Baby Bag

„ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით, ოჯახში ასე გვაქვს მიღებული,“- მადონა კოიძე

გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ბავშვობიდან არასდროს დაულევია სხვისი ჭიქიდან:

„ქუთაისში ბებიას და ბაბუას სახლთან ახლოს იყო ბაღი. იქიდან წამიყვანეს წაღვერში. თვალწინ მაქვს ვარდისფერი, კოპლებიანი ჩითის პერანგი და უზარმაზარი რიგი გოგონების. იქ იყო ერთი სივრცე, სადაც საღამოს გვბანდნენ. ეს ახლაც კი კოშმარად მახსენდება. ეს ჩემთვის იყო მიუღებელი და სტრესული. ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით. საერთოდ ოჯახში ასე გვაქვს მიღებული. „მაკბეჩინე, მომიტეხე“- ჩემთვის ეს არ არსებობს. ბავშვობიდან არასდროს არ მქონია ეს. ჩემი შვილიშვილებიც ასეთები არიან.

ყველას ბებიებს და დედებს ვუყვარდი ძალიან. ყველასთვის ვიყავი მაგალითი. ამ დროს ვიყავი ჩუმჩუმელა. შემეძლო დაგეგმვა, ყველაფრის მოფიქრება. მერე ამას უკვე სხვები ახორციელებდნენ. მეც ვერთვებოდი ამაში. დაგეგმვით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბავშვობიდან ვიყავი ყურადღების მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვმღეროდი, მეზობლებს შევკრებდი და ვაკეთებდი კონცერტს, ბავშვებს ვიყოლიებდი და იყო ძალიან სახალისო. მიყვარდა ორგანიზებული თამაშები. ვგიჟდებოდი ქალაქობანაზე და ინტელექტუალურ თამაშებზე,“- მოცემულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური პროცესი აყოვნებს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური პროცესი აყოვნებს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში ვაქცინაციის დაბალ ტემპზე ისაუბრა და ის სეგმენტები დაასახელა, რომლებიც ყველაზე მეტად იკავებენ თავს ვაქცინის გაკეთებისგან:

„მინდა გითხრათ ევროკავშირის მაგალითი, სადაც გააანალიზდა, სად არის ვაქცინებისადმი ყოყმანი, რომელ სეგმენტებშია. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დაბალი განათლების დონე, მათში ყველაზე მეტია ვაქცინებისადმი უნდობლობა. ​ვაქცინებისადმი უნდობლობა მაღალია ასევე დაუსაქმებელ, უმუშევარი ადამიანების სეგმენტში. ჩვენ ვიცით, რა გავლენების გამო ხდება ეს ძირითადად. არ უნდა გამოვრიცხოთ რელიგიური კომპონენტის ნაწილიც. ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს, რომ არ ვერევით ამ საკითხში, მიუხედავად ამისა, ბევრი ეკლესიის წარმომადგენელი ადამიანებს ეუბნება, რომ არ გაიკეთოთ ეს ვაქცინები.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს ვაქცინაციის წარმატებულ კამპანიას:

„სახელმწიფოს დააკლდა ის, რომ არ იყო პროაქტიული მოქმედება. არ შეიძლება, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ან დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააკეთოს წარმატებული კამპანია. აქ ყველა ისე უნდა იყოს ჩართული, როგორც დღეს არიან არჩევნების პროცესში ჩართულები. ​დემოკრატიის შუქურად წოდებული ქვეყნები გარკვეულ სეგმენტებში განიხილავენ სავალდებულო ვაქცინაციას. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები კარგად გააზრებულია.“

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ფედერალურ სამსახურებში დასაქმებული 80 მილიონამდე ადამიანის სავალდებულო ვაქცინაცია, ჯარის ვაქცინაცია. ბევრმა ქვეყანამ სამედიცინო პერსონალში შემოიღო სავალდებულო ვაქცინაცია. ​ჩვენმა ქვეყანამაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ სეგმენტების სავალდებულო ვაქცინაციის. სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური პროცესი აყოვნებს და ალბათ, არჩევნების შემდეგ ეს გადაწყვეტილებები უფრო თამამად იქნება მიღებული,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის თემა“

წაიკითხეთ სრულად