Baby Bag

„ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით, ოჯახში ასე გვაქვს მიღებული,“- მადონა კოიძე

გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ბავშვობიდან არასდროს დაულევია სხვისი ჭიქიდან:

„ქუთაისში ბებიას და ბაბუას სახლთან ახლოს იყო ბაღი. იქიდან წამიყვანეს წაღვერში. თვალწინ მაქვს ვარდისფერი, კოპლებიანი ჩითის პერანგი და უზარმაზარი რიგი გოგონების. იქ იყო ერთი სივრცე, სადაც საღამოს გვბანდნენ. ეს ახლაც კი კოშმარად მახსენდება. ეს ჩემთვის იყო მიუღებელი და სტრესული. ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით. საერთოდ ოჯახში ასე გვაქვს მიღებული. „მაკბეჩინე, მომიტეხე“- ჩემთვის ეს არ არსებობს. ბავშვობიდან არასდროს არ მქონია ეს. ჩემი შვილიშვილებიც ასეთები არიან.

ყველას ბებიებს და დედებს ვუყვარდი ძალიან. ყველასთვის ვიყავი მაგალითი. ამ დროს ვიყავი ჩუმჩუმელა. შემეძლო დაგეგმვა, ყველაფრის მოფიქრება. მერე ამას უკვე სხვები ახორციელებდნენ. მეც ვერთვებოდი ამაში. დაგეგმვით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბავშვობიდან ვიყავი ყურადღების მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვმღეროდი, მეზობლებს შევკრებდი და ვაკეთებდი კონცერტს, ბავშვებს ვიყოლიებდი და იყო ძალიან სახალისო. მიყვარდა ორგანიზებული თამაშები. ვგიჟდებოდი ქალაქობანაზე და ინტელექტუალურ თამაშებზე,“- მოცემულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება,“ - მარინა კაჭარავა

„როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მშობლის მხრიდან ბავშვის აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის თვითშეფასებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია:

“თუ ადამიანი მშობლების გულს ვერ მოიგებს, მას განცდაში აქვს, რომ ვერასდროს ვერავის გულს ვერ მოიგებს. თუ მან ეს არ გააცნობიერა და არ შეცვალა, ძალიან ბევრს წვალობს. თვითშეფასება ყალიბდება ჩვენი დაცინვით, ხუმრობით, ნეგატიური შეფასებებით. ​ადრე იყო ასე, რომ არ უნდა აქო შვილი. იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ გაფუჭდება, თავში აუვარდება. პიროვნების ქება არ არის საჭირო. პიროვნება უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. პატივი უნდა ვცეთ მას. შენ ჩემთვის ხარ ძალიან ძვირფასი. როდესაც კარგად იქცევი, ამას აღვნიშნავ. როდესაც ცუდად იქცევი, ამასაც აღვნიშნავ.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი კარგი ქცევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა წავახალისოთ:

„კარგი მოქცევის შემთხვევაში ბავშვი წახალისებული თუ არ არის, კარგი ქცევის ანულირება ხდება იგნორირების შედეგად. როგორ ხდება ქცევის გაქრობა საერთოდ? ერთი არის უარყოფა: არ დაგინახო, ეს მეორედ გააკეთო! მეორე არის მისი იგნორირება. ​როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება, თვითონ პიროვნებაზე, მასთან ურთიერთობაზე. ამ შემთხვევაში ქცევა ნელ-ნელა გაქრება.“

„ზოგიერთი ქცევა ძალიან აშინებთ მშობლებს: ეს არის წიკები, სექსუალური ტიპის თამაშები, რომელიც ბავშვებს აქვთ ხოლმე, რაც მშობელს აფრთხობს. უნდა დაიგნორდეს ეს ქცევა და უნდა გადავიტანოთ ყურადღება ბავშვზე. თუ მშობელი ეტყვის: „​არ დაგინახო, მეორედ ეს გააკეთო! ცუდი ბიჭი ხარ! ასე არ იქცევიან“ და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს ქცევა დაფიქსირდება და იატაკქვეშეთში მიდის. ბავშვი კარადაში შეძვრება და მაინც იმას გააკეთებს, რასაც უშლიდნენ. ფაქიზია ბავშვთან ურთიერთობა. საჭიროა მასთან ერთად საუბარი, განსჯა. მას უნდა ვკითხოთ რაღაცები, რაზეც შეუძლია პასუხი გაგვცეს, რაც მას ეხება,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად