გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„ეს არის ვირუსის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც აზიანებს ადრეული ასაკის ბავშვებს... წელს ამ ვირუსის პიკი გვაქვს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საქართველოში გრიპისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევების ზრდის შესახებ ისაუბრა:
„შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით მეტია გრიპის ვირუსი, რაც მოსალოდნელი იყო. როდესაც ჩენ ვლაპარაკობდით ტვინდემიაზე, სწორედ ეს გვქონდა მხედველობაში. ტრადიციულად დეკემბერი-იანვარია საქართველოში ამ ვირუსების რაოდენობის მატების პერიოდი. მოსალოდნელია, რომ იანვარში ამ ვირუსების მატება ისევ გაგრძელდება.“
„ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ოღონდ ეს მარტო ბავშვებს ეხება. წელს არის ყველაზე მეტი რაოდენობით რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. ეს არის ვირუსის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც აზიანებს ადრეული ასაკის ბავშვებს და იწვევს წვრილი ბრონქიოლების ანთებას, იმდენად მძიმე ანთებას, რომ ამ ბავშვებს სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური თერაპია. ყოველდღიურად ორი-სამი ბავშვი მომართავს კლინიკას. იყო პერიოდი, რომ შვიდი ბავშვი შემოდიოდა ამ ვირუსით. წელს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის პიკი გვაქვს, რაც ასევე დაფიქსირდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშიც,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.