გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში... სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი,“ - ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანების მიერ ვირუსით ინფიცირებისას სოციალური იზოლაციის წესების დარღვევა გააკრიტიკა:
„გაბრაზებული და გაოცებული ვარ. ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში,არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსია, რინოვირუსი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური,გრიპი თუ სხვა,საჭიროა იზოლაცია სხვა ადამიანების დასაცავად და საკუთარი ჯანმრთელობისთვისაც, ვირუსი ვრცელდება აირ-წვეთოვანი გზით და ძალიან სწრაფად ვირუსი იწყებს ცხოვრებას და გამრავლებას ცოცხალ ორგანიზმში, ამიტომაც საფრთხილოა! თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში...
სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი გონიერი ადამიანისთვის! ვერ ხედავთ,რომ ამ ქვეყანაში ისევ ჩვენ, ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!! თან აპოკალიფსური იანვარი დაანონსდა! გაუფრთხილდით ერთმანეთს!!! პანიკა სულაც არ არის საჭირო, სეზონური ვირუსები ყოველთვის იყო და იქნება, მათი ინტენსიური გავრცელების პრევენციისთვის,ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში მის ელიმინაციამდე,არ იაროთ სტუმრად, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, ფაქტებმა დამაწერინა ეს პოსტი! ჯანმრთელობა თქვენ!“- აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.