რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბავშვის თხოვნას დაუყოვნებლივ არასდროს უპასუხოთ, მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ გადაწყვეტილებას ფიქრის შემდეგ იღებთ
ბავშვები მშობლებს თხოვნით ხშირად მიმართავენ. მათ ზოგჯერ სმარტფონში მულტფილმის ყურება უნდათ, ზოგჯერ კი ნამცხვრის დამოუკიდებლად გამოცხობა. ზოგიერთი თხოვნის შესრულება შედარებით მარტივია, მაგრამ როდესაც ბავშვი სამზარეულოში ფუსფუსს და ნამცხვრის გამოცხობას ითხოვს, მშობელი მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას იწყებს.
მშობლებმა ხშირად არ იციან, როგორ უპასუხონ ბავშვს, როდესაც ის მათგან რაღაცას ითხოვს. ბავშვის თხოვნაზე პასუხის გაცემამდე შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
პასუხი თხოვნის ფორმაზე უნდა იყოს დამოკიდებული
თუ თქვენი შვილი პატივისცემით და ზრდილობიანად მოგმართავთ, ის, პირველ რიგში, კარგი მანერების გამო უნდა შეაქოთ. ბავშვი იგრძნობს, რომ მის ზრდილობიან ქცევას მშობელი ყოველთვის ამჩნევს და აფასებს. თუ ბავშვი უხეშად მოგმართავთ, გიბრძანებთ ან გემუქრებათ, მას პირველ რიგში, საუბრის ტონის შეცვლა ურჩიეთ და მოუწოდეთ, რომ ზრდილობიანად მოგმართოთ.
ბავშვს ყურადღებით მოუსმინეთ
ბავშვის თხოვნა ყურადრებით მოისმინეთ, მაშინაც კი, თუ მას თხოვნის შესრულებაზე უარს ეუბნებით. თქვენმა შვილმა უნდა იგრძნოს, რომ მისი საუბარი გაინტერესებთ, ამგვარად თქვენი პასუხი მისთვის უფრო მისაღები იქნება. აუცილებლად უთხარით ბავშვს, რომ მისი იდეა მოგწონთ და მისი გესმით.
შეჩერდით და დაფიქრდით
ბავშვის თხოვნას დაუყოვნებლივ არასდროს უპასუხოთ. მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ გადაწყვეტილებას ფიქრის შემდეგ იღებთ. პასუხი ხისტი არ უნდა იყოს. ბავშვს აუხსენით, რატომ ეუბნებით არას ან კის.
როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ბავშვის თხოვნას უარით პასუხობთ?
არას თქმა მშობლებს ძალიან უჭირთ, რადგან ისინი ყოველთვის შვილის გაბედნიერებაზე ოცნებობენ. ვიდრე ბავშვს უარს ეტყვით, შემდეგი მითითებები გაითვალისწინეთ:
თქვენი გადაწყვეტილება არგუმენტებით გაამყარეთ
ბავშვს აუხსენით, რატომ ეუბნებით მას უარს თხოვნის შესრულებაზე. თუ მას არას მკაცრად ეტყვით, ის ვერ გაიგებს რა დგას თქვენი უარის მიღმა. თუ აუხსნით, რომ პარკში წასასვლელად დრო არ გაქვთ, რადგან სადილი უნდა მოამზადოთ, მისთვის თქვენი უარი გასაგები გახდება.
გადაწყვეტილება არასდროს შეცვალოთ
თქვენს პასუხს თუ შეცვლით, ბავშვი მიხვდება, რომ თქვენი უარი საბოლოო არ არის. ის ჭირვეულობით ეცდება მიზნის მიღწევას, რაც მასთან ჯანსაღ ურთიერთობას ძალიან გაართულებს.
ბავშვს ალტერნატიული შეთავაზება გაუკეთეთ
მაღაზიაში ტკბილეულის შეძენას თუ ვერ ახერხებთ, ბავშვს აუხსენით, რომ საკმარისი ფული არ გაქვთ, მაგრამ სახლში გემრიელ ორცხობილას გამოუცხობთ.
ბავშვი კარგი ქცევისთვის შეაქეთ
ბავშვი თქვენს უარს ღირსეულად თუ მიიღებს, მისი ქცევა დადებითად შეაფასეთ. აუცილებლად უთხარით თქვენს შვილს, რომ მისი ემპათია ძალიან მოსაწონია და რომ მისმა პასუხმა გაგაბედნიერათ.
როგორ შევამციროთ არას თქმის საჭიროება?
ბავშვისთვის უარის თქმა ხშირად რომ არ დაგჭირდეთ, მას გარკვეული შეზღუდვები წინასწარ დაუწესეთ.
ბავშვს ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეთ
მაღაზიაში წასვლამდე ბავშვს აუხსენით, რომ ტკბილეულს სახლში მოსვლის შემდეგ მიიღებს და მისი შეძენა არ მოგთხოვოთ. ამგვარად, არას თქმის საჭიროებას მნიშვნელოვნად შეამცირებთ.
ბავშვს თხოვნა შეუსრულეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ
თუ ბავშვი სახლში მეგობრის მოყვანას გთხოვთ, მისი თხოვნა შეასრულეთ, თუ თქვენი შვილის მეგობრის მშობლები ამაზე თანახმა იქნებიან.
არას თქმის ნაცვლად ბავშვს დიპლომატიურად უპასუხეთ
ბავშვი პარკში თუ ვერ მიგყავთ, აუხსენით, რომ ამას ხვალ აუცილებლად გააკეთებთ, მაგრამ დღეს ვერ მოახერხებთ.
ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არას თქმა ხშირად რთული გამოწვევაა. ისინი თვითკონტროლს ჯერ კიდევ სწავლობენ. როდესაც მათ უარს ეუბნებით, პატარები ისტერიკას აწყობენ, რაც ამ ასაკში ნორმალური რეაქციაა.
სკოლის ასაკის ბავშვი ენობრივ უნარებს უკვე კარგად ფლობს, რის გამოც მასთან არგუმენტირებული საუბარი სავსებით შესაძლებელია. სკოლის ასაკის ბავშვი უარზე ისტერიკით არ გიპასუხებთ, ის საკუთარ ქცევებს უკეთ აკონტროლებს და თქვენი უარის მიზეზებიც ესმის.