ძილის თემაზე ნევროლოგი მარინე ჯანელიძე საუბრობს. მისი თქმით, მელატონინი არის ნივთიერება, რომელიც გვაძინებს. ის გამომუშავდება მაშინ, როცა ბნელდება. გათენებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება:
,,არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები'' (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.''
ნევროლოგი უძილობის პრობლემასაც ეხება. მისი თქმით, უძილობას ძირითადად იწვევს შფოთვა:
,,ისეთი ცხოვრების რითმი გვაქვს, რომ შფოთვა და ფორიაქი გახდა ჩვენი თანმდევი. მთელი დღის განცდები, ძირითადად უარყოფითი და მით უმეტეს ახლა, პანდემიის პირობებში, ძილის მოგვრის საშაულებას არ გვაძლევს. ძილი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მას აქვს თავისი სტადიები - როცა სიზმარი გვესიზმრება, როცა ღრმად გვძინავს... ზოგადად, ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს ჩაძინების გაძნელებას.''
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე მათ, ვისაც ჩაძინების პრობლემა აქვთ, რჩევებსაც აძლევს:
,,ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,'' - აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ნევროლოგის თქმით, 6-დან 8 საათამდე უნდა გვეძინოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამდენი ხანი არ სძინავთ. მთავარია, როცა გავიღვიძებთ არ ვიყოთ დაღლილები, უნდა ვიყოთ ენერგიულები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ცოტა სძინავთ და მაინც აქტიურები არიან, თუმცა ასეთები ცოტანი არიან.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დილის საათებში არ არის ცივი წყალი რეკომენდებული, რადგან ამ დროს ორგანიზმის ტემპერატურული მაჩვენებლები ცოტა მაღალია,“ - შოთა ჯანჯღავა
ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ დილას ჯანსაღი საუზმის მნიშვნელობასა და იმ ძირითად წესებზე ისაუბრა, რომლებიც ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დილაობით უნდა დავიცვათ:
„წყალი კვებასთან არ უნდა იყოს ასოცირებული. დაცილება უნდა იყოს 10-15 წუთი მაინც. გაღვიძებისთანავე რეკომენდებულია ერთი ჭიქა წყლის მიღება. გასათვალისწინებელია ასევე სუნთქვის საკითხიც. თუ ადამიანი პირით სუნთქავს, ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი წყალი მისაცემი. თუ ცხვირით სუნთქავს, ერთი ჭიქა სრულიად საკმარისია. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ჩვენი ორგანიზმი როდესაც იღვიძებს, მით უმეტეს, დილის საათებში არ არის ცივი წყალი რეკომენდებული, რადგან ჩვენ საწოლიდან ვდგებით და ტემპერატურული მაჩვენებლები ცოტა მაღალია დილის საათებში სხვა პერიოდთან შედარებით.“
შოთა ჯანჯღავას თქმით, საუზმობისას ყველაზე კალორიული პროდუქტების მიღებაც ნებადართულია:
„საუზმის პერიოდში ჩვენ შეგვიძლია ყველაზე კალორიული პროდუქტების მიღებაც. არ არის აუცილებელი ნოყიერება განისაზღვროს შესახედაობის თვლასაზრისით. შეიძლება ულუფა ზომით პატარა იყოს, მაგრამ შემადგენლობა იყოს კარგი. დილის საათებში რეკომენდებული არ არის სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების მიღება, როგორიცაა: შოკოლადი. სჯობს, რომ უფრო რთული ნახშირწყლები შევარჩიოთ, როგორიცაა ფაფა. თუ ადამიანს ფაფა არ უყვარს, ცილოვანი პროდუქტებიც ძალიან კარგად შეგვიძლია მივიღოთ. დილას ხორციც დაშვებულია, სხვათა შორის. ორთქლზე მომზადებული კატლეტიც რომ მივირთვათ დილას, დასაშვებია.“
შოთა ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ დილის მხოლოდ ყავით დაწყება არ არის სასარგებლო:
„ღამის პერიოდში კუჭის წვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გროვდება და მას სჭირდება დილას განეიტრალება. ჩვენ თუ დილას მხოლოდ ყავას მივაწვდით მას და სხვას არაფერს, ამით საკმაოდ გავაღიზიანებთ, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ასევე ნაღვლის ბუშტსაც. როდესაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზმს მივაჩვევთ, რომ ის არ იკვებება, რა თქმა უნდა, ამ ქცევას დაისწავლის. ადამიანმა დილას რაღაც რომ ჭამოს, გულისრევის შეგრძნება გაუჩნდება და ა.შ. სჯობს, რომ ჩვენ მივაჩვიოთ და ვასწავლოთ ორგანიზმს. ორგანიზმს სწავლა სჭირდება 3-4 კვირა, რომ თვითონ მოგვთხოვოს საკვები ნივთიერებები. ასეთ დროს თუნდაც ნახევარი ბანანი რომ შეჭამოს ადამიანმა, ამის შედეგად ქცევა ჩამოუყალიბდება ორგანიზმს და ქცევა რომ ჩამოყალიბდება, როდესაც გაიღვიძებს, თვითონვე შეჭამს. თუ დილას გულის რევის შეგრძნება აქვს ადამიანს, ასეთ შემთხვევაში სჯობს თავიდან წყალი დავახმაროთ, რომ მიეჩვიოს ორგანიზმი და მერე ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი.“
„ძალიან კარგია დილის საათებში ხილის მიღება. არ არის რეკომენდებული მივიღოთ ისეთი ხილი, რომელიც კუჭ-ნაწლავს აღიზიანებს, როგორებიცაა ციტრუსები. ფრეშის დალევა დიდად რეკომენდებული არ არის. თუ იქნება კენკრა, ბანანი, ვაშლი ძალიან კარგია. ყველაზე კარგია, რომ ჯერ დავიწყოთ ხილით, ის მონელებისთვის კუჭ-ნაწლავს უფრო ამზადებს, შემდეგ კი დავამატოთ სხვა პროდუქტი. დილაობით შეგვიძლია მანგოც მივირთვათ, ანანასიც. თავისუფლად შეიძლება რძე, ხაჭო, მაწონი, კეფირი, იოგურტი. მოვერიდოთ ძალიან მარილიან ყველს დილაობით. შეიძლება ცოტა შეშუპებითი პროცესები მოგვცეს დღის განმავლობაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.