მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროს აქტუალურ თემაზე - ინტერვალურ შიმშილზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რა არის „ინტერვალური შიმშილი“, რას გულისხმობს კვების ეს ტიპი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა აღნიშნული კვების რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
„ინტერვალური შიმშილი“ ეს არის კვების ტიპი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერვალური კვების სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენ ამჯერად მის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტზე - 16-საათიან შიმშილზე ვისაუბრებთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ მეთოდის დროს ადამიანი დღისით 8 საათის განმავლობაში იკვებება, ხოლო შემდეგ 16 საათის განმავლობაში არაფერს არ მიირთმევს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ხდება ჰორმონალური ბალანსის აღდგენა, რითაც თავის მხრივ, ჩქარდება მეტაბოლიზმი და შენახული ცხიმი უფრო ხელმისაწვდომი ხდება გასახარჯად. დეტალურად: ორგანიზმში მატულობს ზრდის ჰორმონის დონე, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას და კუნთური მასის მატებას. ორგანიზმში იკლებს ჰორმონ ინსულინის დონეც (ინსულინი აძლიერებს მადას და არის მაშენებელი ჰორმონი) და რეგულირდება მის მიმართ მგრძნობელობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მოწესრიგებას. „ინტერვალური შიმშილის“ დადებითი მხარეებია:
წონაში კლება, განსაკუთრებით, მუცლის არეში
ინსულინის მიმართ მგრძნობელობის აღდგენა
იმუნიტეტის ამაღლება
„ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირება
ანტი კანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) პროცესების გააქტიურება
აღსანიშნავია ისიც, რომ კვების ასეთი რეჟიმის დროს იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუ კვებისთვის გამოყოფილ პერიოდში რაციონი მდიდარი არ არის ვიტამინებით და მინერალებით, შეიძლება, ამან ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ 8 საათის განმავლობაში კვება იყოს ჯერადი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი და სასურველია, წახემსებების გარეშე. დაბალანსებული კვება თავის მხრივ რას გულისხმობს, მკითხველისთვის ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის წინა თემაში უკვე დეტალურად განვმარტეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალანსებული კვება რეკომენდებულია ასევე დაკლებული კილოგრამების შესანარჩუნებლადაც, რადგან დაკლებული კილოგრამების ხელახლა დაბრუნების რისკს მინიმუმამდე ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს.
თუმცა ორგანიზმში მიმდინარე დადებითი ცვლილებების მიუხედავად, „ინტერვალური შიმშილის“ კვების ტიპი არ არის ყველასთვის განკუთვნილი. მისი დაცვა არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან არიან ორსულად ან იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში. ასევე არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვს კვებითი დარღვევების რომელიმე ტიპი (ანორექსია, გადაჭარბებული კვება ან ბულიმია, ნევროზი) ან მათ, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ შაქრიანი დიაბეტი. „ინტერვალური შიმშილს“ რეჟიმს უნდა მოერიდონ ასევე დაბალი წნევის მატარებლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული დაავადებების მქონე ადამიანები. მაგალითად, თუ ამ კვების რეჟიმის დაცვის დროს წარმოიქმნა განსაკუთრებული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა: გულისრევა, შებერილობა, კუჭის ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, რეკომენდებულია „ინტერვალური შიმშილის“ შეწყვეტა. გარდა ამისა, უკუჩვენებად ითვლება ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლა, ამიტომ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვების ტიპის არჩევისას რეკომენდებულია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რათა წონაში კლების პროცესი სწორად წარიმართოს და ამით ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.
რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა
ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:
„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.
თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.
ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.