Baby Bag

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიარეულ დაავადებებთან დაკავშირებით წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით.

რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა. დღემდე აქტუალურია „ბისეპტოლის“ მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი ჰგონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.
დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი.
სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).
დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას.
მთავარია სითხის ადეკვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი „გადასხმა“ არ სჭირდება.
ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად