Baby Bag

„სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება,“ - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ორსულებში პოლივიტამინების პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, არის თუ არა საჭირო მათი მიღება:

„აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ემსახურება მულტივიტამინები და ზოგადად ვიტამინები. ეს არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომელიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება ამინომჟავებად. ეს ამინომჟავები უნდა გადავიდეს ნაყოფთან და ნაყოფის ორგანიზმში უნდა აშენდეს ახალი ცილები. ორსულის მიერ მიღებული ხორცის ნაჭერიც იშლება და ის ხელახლა აეწყობა ბავშვის ორგანიზმში. პოლივიტამინები ემსახურება ამ ცილის სწორად ჩალაგებას. უნდა იყოს საშენი მასალა, აგურები, რომელსაც ხელოსანი კარგად დაალაგებს თავის ადგილას.

თუ ორსულმა არ მიიღო სრულფასოვანი კვება, თუ არ მიიღო ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები, რომლებიც საჭიროა მისთვის, ვიტამინები რას ჩაალაგებს?! ვიტამინების ათვისება საკვებში არსებული შემცველობით გაცილებით უკეთესად ხდება. ცხოველური საკვები შეიცავს ყველა, ოცივე ამინომჟავას. მცენარეული შეიცავს მხოლოდ -10-ს. დარჩენილი 10 ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური საკვებით შეგვიძლია მივიღოთ. სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება.

არის სეზონები, როდესაც ვიტამინების ბუნებრივი შემცველობა საკვებში შემცირებულია. ეს არის გაზაფხულის პერიოდი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მხოლოდ ამ თვეებში ვუყურებ მე ტოლერანტულად საკვებთან ერთად პოლივიტამინების მიღებას. მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ მიიღოს ჯანსაღი საკვები საკმარისი რაოდენობით და ორგანიზმი თვითონ მოახერხებს ყველაფრის თავის ადგილზე დასმას, ამინომჟავის, ნახშირწყლის სწორად მიწოდებას ბავშვთან. ბავშვის ზრდაც სწორად განხორციელდება დამატებული პოლივიტამინების გარეშე,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა გახდა პატარების კანონით დაცვა ისევე, როგორც ეს ამერიკაშია.... თვე არ გავა მსგავსი ისტორია არ მოვისმინოთ,“- ნანა გეგეჭკორი

„რა გახდა პატარების კანონით დაცვა ისევე, როგორც ეს ამერიკაშია.... თვე არ გავა მსგავსი ისტორია არ მოვისმინოთ,“- ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ბავშვების უბედური შემთხვევებით გარდაცვალების მაღალ სტატისტიკას ეხმაურება:

„წარმოუდგენელია ამდენი ტრაგედიის ატანა... სადაც არ უნდა გაიხედო უბედურება ტრიალებს.

შემძრა პატარას ამბავმა.

რა გახდა პატარების კანონით დაცვა ისევე,როგორც ეს ამერიკაშია. თვე არ გავა მსგავსი ისტორია არ მოვისმინოთ.

ნიუ-იორკში სავალდებულოა ფანჯრების და აივნების გისოსებით დაცვა იქ სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ერთი დღის ბავშვი რომ მოვიყვანე სახლში, სუპერი (კორპუსის მომლელი)" დაგვადგა შესამოწმებლად,იყო თუ არა გისოსები სწორად დამონტაჟებული. კანონის დარღვევა ამ მხრივ შესაბამისად ისჯება. გაგვეცინა ერთი დღის ბავშვს ფანჯარასთან რა კავშირი უნდა ჰქონოდა. აგვიხსნეს რომ კანონია ასეთი და მისი დაცვა სავალდებულოა.

იქნებ სახელმწიფომ იზრუნოს, ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ასე დავიცვათ ცნობისმოყვარე პატარები.

შავი გისოსებით ჩვენი ფანჯრებია. ასე ვხვდები ხოლმე სად ცხოვრობენ ბავშვები ნიუ-იორკულ სახლებში. ამ სადარბაზოში მხოლოდ ჩვენ გვყავს პატარები, შესაბამისად შავი გისოსებიც ჩვენს ფანჯრებს გამოარჩევს,“- აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.

ექიმი ნანა გეგეჭკორი ტელეწამყვანისა და თეატრმცოდნის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი კიტა წულუკიძე შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. 

წაიკითხეთ სრულად