Baby Bag

„ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას,“- ნევროლოგი თეა შუბლაძე

ნევროლოგმა თეა შუბლაძემ თავის ტკივილის ტიპების შესახებ ისაუბრა და პირველადი და მეორადი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„თავის ტკივილი არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი თავის ტკივილი არ არის ასოცირებული სხვა გამომწვევ პათოლოგიასთან. მეორადი თავის ტკივილი ვითარდება მეორადად პათოლოგიური პროცესების არსებობის დროს. პირველად თავის ტკივილს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული და დაძაბულობის თავის ტკივილი. მეორადი თავის ტკივილის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლოს, მედიკამენტებისა და ტოქსიური ნივთიერებების მიღების შედეგად. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას.

თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ყველაზე გავრცელებულ თავის ტკივილს მიეკუთვნება დაძაბულობის თავის ტკივილი. დაძაბულობის თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის სტრესი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი. ის ხშირ შემთხვევაში ვითარდება დეპრესიის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტების 60%-ს, ვისაც დაძაბულობის თავის ტკივილი აქვთ, აღენიშნება დეპრესია. თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში ყველაზე ინფორმატიული კვლევა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა,“- მოცემულ საკითხზე თეა შუბლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა მუტირებული შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებს ემართებათ, მათ შორის ბავშვებსაც,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ყველა მუტირებული შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებს ემართებათ, მათ შორის ბავშვებსაც,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ კოვიდ -19 ის ახალი, ინდური შტამის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი შტამის შესახებ ჯერ ამომწურავი ინფორმაცია მედიკოსებს არ აქვთ:

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეშფოთება არ გამოუთქვამს, მან გამოაცხადა, რომ ​ინტენსიურად აკვირდება ამ შ​ტამს, ვინაიდან ინფორმაცია, რამდენად გადამდებია ან მეტად ლეტალურია, ჯერჯერობით არ არსებობს. ეს შტამი არ არის ახალი, ოქტომბრიდან არის ცნობილი. ცირკულირებს ოქტომბრიდან ინდოეთში. ბოლო პერიოდში ინდოეთში 9000-დან 300 000-ზე ავიდა დღიურად შემთხვევების მატება. ერთ-ერთ ვერსიად ეს საკითხიც განიხილება, ხომ არ არის ეს შტამი შემთხვევების კატასტროფული მატების მიზეზი.“

​ივანე ჩხაიძის თქმით, მუტირებული შტამები იმავე სიმპტომატიკით ხასიათდებიან, როგორითაც ორიგინალი ჩინური კოვიდ-19-ის შტამი გამოირჩევა:

„ბრიტანული შტამი 70 %-ით მეტად გადამდებია, ვიდრე ჩინური შტამი. არც ბრიტანული შტამი არ გახლავთ ყველაზე მეტად გადამდები. ბრაზილიური შტამი 152 %-ით მეტად გადამდებია, ვიდრე ჩინური ორიგინალი შტამი. მეტად გადამდები და მეტად ლეტალური სულ რვა მუტაციაა, მათ შორისაა ინდური შტამიც. არცერთი მუტირებული შტამი კლინიკური სიმპტომატიკით ერთმანეთისგან არ განსხვავდება.“

„ინდოეთის მოსახლეობის საშუალო ასაკი 27 წელია. ძალიან ახალგაზრდა მოსახლეობაა. ის, რომ ინდოეთში ბევრი ახალგაზრდა ავადდება, ასაკობრივი სტრუქტურიდან გამომდინარეობს. ინდოეთში, მიუხედავად ამ კატასტროფული ციფრებისა, გარდაცვალება უფრო ხანშიშესულებში აღინიშნება. ​ახალგაზრდებშიც, მათ შორის ბავშვებშიც, აღნიშნულია მძიმე შემთხვევები, მაგალითად, წლამდე ასაკის ბავშვებში. ყველა მუტირებული შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებს ემართებათ, მათ შორის ბავშვებსაც. მუტირებული შტამებით ბავშვები უფრო იოლად ავადდებიან, თუმცა ამას არ გაუზრდია ლეტალობა ბავშვებში. ამიტომ პედიატრიული თვალსაზრისით, შეიძლება ეს შტამი ასეთი საშიში არ იყოს. ეს შტამიც, როგორც სხვა ფორმები, ბავშვებს უფრო მარტივად გადააქვთ. ეს არის ერთადერთი კარგი, რაც კორონავირუსს ახასიათებს,“ – აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად