Baby Bag

„ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას,“- ნევროლოგი თეა შუბლაძე

ნევროლოგმა თეა შუბლაძემ თავის ტკივილის ტიპების შესახებ ისაუბრა და პირველადი და მეორადი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„თავის ტკივილი არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი თავის ტკივილი არ არის ასოცირებული სხვა გამომწვევ პათოლოგიასთან. მეორადი თავის ტკივილი ვითარდება მეორადად პათოლოგიური პროცესების არსებობის დროს. პირველად თავის ტკივილს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული და დაძაბულობის თავის ტკივილი. მეორადი თავის ტკივილის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლოს, მედიკამენტებისა და ტოქსიური ნივთიერებების მიღების შედეგად. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას.

თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ყველაზე გავრცელებულ თავის ტკივილს მიეკუთვნება დაძაბულობის თავის ტკივილი. დაძაბულობის თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის სტრესი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი. ის ხშირ შემთხვევაში ვითარდება დეპრესიის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტების 60%-ს, ვისაც დაძაბულობის თავის ტკივილი აქვთ, აღენიშნება დეპრესია. თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში ყველაზე ინფორმატიული კვლევა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა,“- მოცემულ საკითხზე თეა შუბლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ექიმის რჩევები

როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ექიმის რჩევები

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.

პირველ რიგში განვიხილოთ, თუ როდის არის რეკომენდებული ვახშამი? ოპტიმალური პერიოდი დღის ბოლო კვებისთვის არის დაახლოებით 19:00-20:00 სთ-მდე შუალედი. დავიმახსოვროთ, რომ დაძინებამდე მინიმუმ ორი-სამი საათით ადრე უნდა მივირთვათ ბოლო კვება, რომ არ გადაიტვირთოს კუჭ-ნაწლავის სისტემა. შედეგად მივიღებთ დისკომფორტს მუცლის არეში, რაც არასრულფასოვანი ძილის წინაპირობაა, ეს კი თავის მხრივ, ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარების, რადგან ირღვევა გამართული მეტაბოლიზმი.

​ასევე დიდია მკითხველის ინტერესი, თუ რომელი საკვების მირთმევა არის რეკომენდებული ვახშმად? დავიმახსოვროთ, რომ ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. ძირითადად უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულის სალათებს, რძის ნაწარმს, წვნიანებს. აქვე გამოვყოფ, რომ ხილის მირთმევა საღამოს არ არის რეკომენდებული (როგორც ​წინა რუბრიკებში აღვნიშნე), შებერილობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კვების რეჟიმში ხილს ეთმობა დღის პირველი ნახევარი. საღამოს ასევე თავი უნდა შევიკავოთ ცომეულის, ტკბილეულის მირთმევისგან, რადგან ორგანიზმში საღამოს საათებში მეტაბოლიზმი შედარებით ნელდება, ამიტომ მაღალკალორიული საკვების მირთმევა უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს წონაზე.

​უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ვახშამი შეიძლება იყოს  ბოსტნეულებისგან დამზადებული სალათი (ცხადია, მაიონეზის გარეშე), რძის ნაწარმი: ყველი, ხაჭო, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ბოსტნეულებისგან დამზადებული წვნიანი. შესაძლებელია წვნიანს ან სალათს დავამატოთ მოხარშული ხორცი, რომელიც ცილების შემცველობის ხარჯზე დაგვეხმარება ნაყროვანებაში. ვახშმის შემდგომ დაძინებამდე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ან ნებისმიერი ჩაი, წყალი.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

წაიკითხეთ სრულად