Baby Bag

„ბედნიერებაა გახდე მშობელი: იპოვე შენი ბედნიერება,“- რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე

„ბედნიერებაა გახდე მშობელი: იპოვე შენი ბედნიერება,“- რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე

გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ პაციენტის პრობლემის წარმატებით დაძლევაში ექიმის უდიდესი როლის შესახებ ისაუბრა:

„რატომ ვამბობ, ათჯერ რომ დავიბადო, ათივეჯერ ექიმი და რეპროდუქტოლოგი ვიქნები-თქო? მე ვამბობ, რომ სიმშვიდის ბედნიერებაა რეპროდუქტოლოგია. როდესაც კარგად უხსნი ყველაფერს, კარგად უსმენ ადამიანს, ის შინაგანად მშვიდდება და რაც უნდა რთული იყოს პრობლემა, ის უკეთესად ეგუება. შვილი ერთ-ერთი შესაძლო მიზანია ცხოვრებაში, მაგრამ შვილი ყველაფერი არ არის. ის ერთ-ერთია ამ გზაზე.

ცხოვრება, ემოცია, თუნდაც ერთი დღის არგაშვება შფოთვაში, რა იქნება ხვალ ან პესიმისტურ განწყობაში არის მნიშვნელოვანი. ერთმა პაციენტმა მითხრა, ექიმმა მითხრა, სად იყავი ამდენ ხანს? 47 წლის ასაკში რომ გათხოვდი, ადრე უნდა გათხოვილიყავი და შვილებიც გეყოლებოდაო. თქვენ ჩემთან მოდიხართ იმიტომ, რომ გაიგოთ, რა იცის მედიცინამ და თქვენამდე მე ეს მშვიდად მოვიტანო, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი უკეთესი გახდეს.

მერე არის ფინალი, როდესაც ამდენი დაბადებული ბავშვის მშობლები სადღაც გხვდებიან. ერთ-ერთი პაიენტი მოვიდა, 5 თვის ფანტასტიკური გოგონა ეჭირა, მითხრა: „აქ რომ მოვდიოდით, გამახსენდა, როგორი დაძაბული ვიყავი და ახლა როგორი გამარჯვებული და ამაყი მოვედი, ბავშვი მიჭირავს და მოვედი, რომ გაჩვენოთ.“ აი, ბედნიერება, აი, სიხარული. ბედნიერებაა გახდე მშობელი: იპოვე შენი ბედნიერება,“ - მოცემულ საკითხზე არსენ გვენეტაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტემპერატურის დროს რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვის შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მოავადე ბავშვის მოვლის წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპერატურის დროს ძმრიანი წინდების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს:

​არ ვაღიარებთ ძმრიან წინდებს, თუმცა ვაღიარებთ დაზელვას, ფიზიკური მეთოდებით გაგრილებას. უნდა გამოვიყენოთ წყალში დასველებული პირსახოცი. შეგვიძლია დავადოთ შუბლზე ან მთლიანად დავზილოთ ბავშვი. ტემპერატურის დროს რეკომენდაციას ვაძლევთ შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას. ვიწყებთ თბილი წყლით და ნელ-ნელა ვაგრილებთ სხეულის ტემპერატურამდე, 36,6 გრადუსამდე მაქსიმუმ.“

ანა მაღრაძის თქმით, სეზონური კვება ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს:

„ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ ხილის წვენი, მაგრამ, რა თქმა უნდა, წყალთან განზავებული.​ შესთავაზეთ სეზონური ხილი. ხილის წვენი უნდა იყოს აუცილებლად ნორმირებული და დოზირებული. ერთი ფორთოხლისგან რა წვენიც გამოვა, საკმარისია.“

„ბავშვმა რომ შეჭამოს ორი-სამი ლუკმა ყველაფერი, რაც მის რაციონს ეკუთვნის, დამატებით ვიტამინების მიცემა მას აღარ დასჭირდება. ბავშვები რაღაცით მაინც ინაზღაურებენ ხოლმე ამ დანაკლისს. თუ ბავშვს დიდი რაოდენობით ტკბილეულს არ მივცემთ, მას მეტი მოთხოვნილება ექნება კვებაზე. ნახშირწყლებით ნაკლებად დავტვირთოთ ბავშვი და შევთავაზოთ სწორი რაციონი,“ - აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად