Baby Bag

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დალი ტრაპაიძემ ჰიპერტენზიის მართვასთან დაკავშირებით უახლესი ევროპული გაიდლაინის მონაცემების შესახებ ისაუბრა:

„საქართველოში მოქმედებს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცდა 2020 წლის ივლისში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. მას საფუძვლად უდევს 2018 წლის უახლესი ევროპული გაიდლაინი, სადაც მომატებულ არტერიულ წნევად შეფასებულია 140:90-ზე და მეტი. 139:89-ის ჩათვლით ითვლება ნორმალურ არტერიულ წნევად. 140:90 წნევის ქვევით სხვადასხვა მიდგომები არსებობს. 120:80 წნევა არის იდეალური. სამედიცინო პერსონალმა, როდესაც ასეთი პოპულარული ხასიათის გამოსვლები გვაქვს, ზუსტი მესიჯები მივაწოდოთ საზოგადოებას იმისათვის, რომ არ დაიბნენ.

როდესაც ვეკითხებით, რამდენია ნორმალური არტერიული წნევა, პასუხი აუცილებლად იწყება სიტყვით: „ჩემთვის“ ან ახალგაზრდობაში მქონდა ეს და ახლა მაქვს ეს. რაც შეეხება მისაღწევ, სამიზნე წნევას მკურნალობის დროს, ეს შეიძლება იყოს 130:80-ზე, როდესაც შესაფასებელია უკვე თანმხლები დაავადებები. ეს არის მხოლოდ ექიმის პრეროგატივა. მან უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება თანმხლები დაავადებების თაიგულში ის სამიზნე წნევა, რომელიც სისხლძარღვოვანი კატასტროფების განვითარებას შეამცირებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში გახშირდეს პრევენციული ვიზიტები, როდესაც ადამიანი მიდის ექიმთან იმისთვის, რომ დინამიკაში შეფასდეს მისი მდგომარეობა. ასიმპტომური ადამიანის მისვლა სამედიცინო დაწესებულებაში, უცილობლად გააუმჯობესებს კლინიკური მდგომარეობის პროგნოზს, თუ ეს მდგომარეობა აღინიშნება,“- მოცემულ საკითხზე დალი ტრაპაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სავარაუდოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში ფაიზერის ვაქცინა უფრო ეფექტურია''

,,სავარაუდოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში ფაიზერის ვაქცინა უფრო ეფექტურია''
,,ფაიზერის'' დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალის შესახებ ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,გახანგრძლივებული ინტერვალი ფაიზერის ორ დოზას შორის

უამრავი კითხვა მოდის ამ საკითხთან და ქვემოთ მოყვანილ კვლევასთან დაკავშირებით. ვეცდები მოკლედ ვუპასუხო.

‼ კვლევა ჩატარდა 7.12.2020-დან 12.03.21-მდე ბრიტანეთში

‼ კვლევაში მონაწილეობდა 503 პირი/ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელი

‼ საბოლოო შედეგით დადგინდა, რომ ვაქცინაციის დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალის (6-12კვირის) პირობებში მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების უფრო მაღალი ტიტრი გამომუმუშავდება და უჯრედული იმუნიტეტიც ბევრად უფრო ძლიერია (CD4 უჯრედებისა და IL2-ის მაღალი ექსპრესია) ვიდრე 3-4კვირიანი ინტერვალის შემთხვევაში.

‼ გახანგრძლივებული ინტერვალის პირობებში ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად ეცემოდა მეორე დოზამდე. განსაკუთრებით დაბალი ტიტრით გამომუშავდა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები პირველი დოზის (!!) შემდეგ და მკვეთრად შემცირდა მეორე დოზამდე. T-უჯრედები კი (უჯრედული იმუნიტეტი) მეორე დოზამდე მაღალი კონცენტრაციით შენარჩუნდნენ.

‼ მეორე დოზის შემდეგ გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში (6-12კვირის) მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი 2-ჯერ უფრო მაღალი იყო ვიდრე მოკლე, 3-4კვირიანი ინტერვალის შემდეგ.

‼ ორი დოზის შემდეგ T-უჯრედების დონე გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში 1,6-ჯერ დაბალი იყო ვიდრე მოკლე ინტერვალის პირობებეში, თუმცა ამასთან ხანგრძლივი ინტერვალის დროს CD4-უჯრედების, რომლებიც ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებასა და ინფექციის თავიდან აცილებას უზრუნველყოფენ, უფრო მაღალი ექსპრესია დაფიქსირდა.

‼ გახანგრძლივებული ინტერვალი მეორე დოზის შემდეგ ბევრად უფრო მაღალი მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრის გამომუშავებას იწვევდა როგორც დელტა-შტამის, ასევე ყველა სხვა დღესდღეობით არსებული ვარიანტების წინააღმდეგ.

‼ კომენტარი: ჩემი აზრით კვლევას რამდენიმე ლიმიტაცია აქვს, ყველაზე მთავარ ლიმიტაციად კი 2 ფაქტორს დავასახელებდი:

1. ამ წლის დასაწყისში ბრიტანეთში არც ისე ბევრი დელტა შტამი იყო

2. 503 მონაწილედან 223-ს (44%-ს) კოვიდ-ი გადატანილი ჰქონდა, ამ შემთხვევაში კი, როგორც ვიცით, მკვეთრად განსხვავებული იმუნური რეაქციაა ვაქცინებზე.

‼ სავარაუდოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში ფაიზერის ვაქცინა უფრო ეფექტურია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდოდებოდი სხვა კვლევებსაც.

------------------------

P.S.: ეს პოსტი იმისთვის დავწერე, რომ ასეთი სახის კითხვებს გაეცეს პასუხი და არა თუ უფრო მეტი დაიწეროს.

როგორც პოსტის ბოლოს წერია: ,,ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდოდებოდი სხვა კვლევებსაც", მანამდე კი უნდა მიჰყვეთ ქართულ პროტოკოლს, რომელიც ჯერ არ შეცვლილა. ყველაფერი დანარჩენი უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს.

https://www.pitch-study.org/PITCH_Dosing_Interval....'' - აღნიშნავს ექიმი. 

წაიკითხეთ სრულად