Baby Bag

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დალი ტრაპაიძემ ჰიპერტენზიის მართვასთან დაკავშირებით უახლესი ევროპული გაიდლაინის მონაცემების შესახებ ისაუბრა:

„საქართველოში მოქმედებს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცდა 2020 წლის ივლისში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. მას საფუძვლად უდევს 2018 წლის უახლესი ევროპული გაიდლაინი, სადაც მომატებულ არტერიულ წნევად შეფასებულია 140:90-ზე და მეტი. 139:89-ის ჩათვლით ითვლება ნორმალურ არტერიულ წნევად. 140:90 წნევის ქვევით სხვადასხვა მიდგომები არსებობს. 120:80 წნევა არის იდეალური. სამედიცინო პერსონალმა, როდესაც ასეთი პოპულარული ხასიათის გამოსვლები გვაქვს, ზუსტი მესიჯები მივაწოდოთ საზოგადოებას იმისათვის, რომ არ დაიბნენ.

როდესაც ვეკითხებით, რამდენია ნორმალური არტერიული წნევა, პასუხი აუცილებლად იწყება სიტყვით: „ჩემთვის“ ან ახალგაზრდობაში მქონდა ეს და ახლა მაქვს ეს. რაც შეეხება მისაღწევ, სამიზნე წნევას მკურნალობის დროს, ეს შეიძლება იყოს 130:80-ზე, როდესაც შესაფასებელია უკვე თანმხლები დაავადებები. ეს არის მხოლოდ ექიმის პრეროგატივა. მან უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება თანმხლები დაავადებების თაიგულში ის სამიზნე წნევა, რომელიც სისხლძარღვოვანი კატასტროფების განვითარებას შეამცირებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში გახშირდეს პრევენციული ვიზიტები, როდესაც ადამიანი მიდის ექიმთან იმისთვის, რომ დინამიკაში შეფასდეს მისი მდგომარეობა. ასიმპტომური ადამიანის მისვლა სამედიცინო დაწესებულებაში, უცილობლად გააუმჯობესებს კლინიკური მდგომარეობის პროგნოზს, თუ ეს მდგომარეობა აღინიშნება,“- მოცემულ საკითხზე დალი ტრაპაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის, რომ გაიკეთოთ ფაიზერის ორი დოზა და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტყუილია,“- გიორგი ფხაკაძე

„ის, რომ გაიკეთოთ ფაიზერის ორი დოზა და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტყუილია,“- გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც დელტა შტამმა დაგვაყენა. მისი თქმით, დელტა შტამის გამო კოვიდგადატანილთა ვაქცინაციის პროცესშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანეს:

„დელტა ვარიანტმა ისე შეცვალა ყველაფერი. როდესაც იყო ვუჰანური შტამი, მაშინ იყო საუბარი, რომ ვ​ირუსის გადატანიდან ხუთი თვის მერე გაიკეთებდით ერთ დოზა ფაიზერს და ეს იყო საკმარისი. სამწუხაროდ, მერე წამოვიდა ალფა ვარიანტი ბრიტანეთიდან, რომელიც 40-ჯერ უფრო ვერაგია, ვიდრე ვუჰანური შტამი. დელტა, რომელიც ყველგან არის მსოფლიოში და საქართველოში 100 %-ია, არის 60-ჯერ უფრო ვერაგი, ვიდრე ბრიტანული შტამი. წარმოგიდგენიათ, ახლა რასთან გვაქვს საქმე?!“

გიორგი ფხაკაძის თქმით, ვაქცინა ადამიანის სრულ დაცულობას არ უზრუნველყოფს, მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნებაში გვეხმარება:

„ვაქცინა არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია. ესეც კარგად უნდა გახსოვდეთ. ​ვაქცინა არ დაგიცავთ 100 %-ით, რომ ვირუსი არ დაგემართებათ, მაგრამ დაგეხმარებათ, რომ რეანიმაციაში არ მოხვდეთ, დაგეხმარებათ, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოთ. ეს, რაც მართალია, მართალია. ის, რომ გაიკეთოთ ფაიზერის ორი დოზა და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტყუილია. ფაიზერი არ არის უკვდავების ელექსირი.“

„ფაიზერი გეხმარებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 100 %-ით იქნებით დაცული. აცრის შემდეგაც უნდა გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე, სადაც არის საჭირო. ვინც გადაიტანა კოვიდი, იმან უკვე იცის, რა ვერაგია ეს ვირუსი. ვირუსის გადატანის შემდეგ დაინფიცირება შეიძლება იყოს 100-დან 30 ან 100-დან 1. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგ. რა რაოდენობის ვირუსი იყო ჰაერში, თუ თქვენ ერთ ოთახში ხართ ინფიცირებულთან ერთად, ყოველ 15 წუთში დახურულ ოთახში იზრდება დაინფიცირების რისკი. თუ თქვენ პირბადით ხართ, მაგრამ არ ნიავდება ოთახი, რისკი იზრდება ყოველ 15 წუთში. სწორედ ამიტომ, სკოლებშიც ყოველ 15 წუთში ოთახები უნდა განიავდეს. პირბადეშიც უნდა ვიყოთ და განიავებაც საჭიროა. ​თუ გექნებათ ვაქცინა, იქნებით პირბადეში და ოთახს გაანიავებთ, აქ უკვე 99 % ხართ დაცული,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად