Baby Bag

​იცით თუ არა, რა ასაკიდან უნდა მიიღოს ბავშვმა მაწონი და ცხოველური რძე?

​იცით თუ არა, რა ასაკიდან უნდა მიიღოს ბავშვმა მაწონი და ცხოველური რძე?

ბავშვთა კვებაში რძისა და მის პროდუქტებზე რეკომენდაცია ერთი წლიდან გაიცემა, თუმცა პედიატრთა ნაწილი რძისგან განსხვავებით მაწონს რეკომენდაციას 8 თვიდან უწევს. რა სიკეთეს ვაძლევთ ბავშვს ამ პროდუქტებით და რას გვთავაზობენ მწარმოებლები....

მშობელთა უმეტესობა რძის ისეთ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის მზადდება. სანტეს საბავშვო ხაზი „ლოკო მოკო“ ამ დროისათვის კიდევ ორ ახალ პროდუქტს გვთავაზობს ქართულ ბაზარზე: ნატურალური, ქართული ნედლი რძისაგან დამზადდებული ,,ლოკო მოკოს'' რძე და კლასიკური მაწონი. 

,,ლოკო მოკოს'' კლასიკური მაწონი მხოლოდ ქართული, ნედლი, ნატურალური რძით და ერთი „საიდუმლო“ ინგრედიენტით მზადდება. სწორედ ამ ინგრედიენტის წყალობით საუკუნეების მანძილზე მაწონს კავკასიელი ხალხის დღეგრძელობის მიზეზად მიიჩნევდნენ.

მაწონი ტრადიციული, კავკასიური რძემჟავა პროდუქტია. სხვანაირად მას ენდემურ პროდუქტსაც ეძახიან. „საიდუმლო“ მიზეზი, რომელიც ჩვენს, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას განაპირობებს - ენდემურ დედოშია. სწორედ ასე მზადდება ,,ლოკო მოკოს'' მაწონი. მაწვნის დედო მაწვნის მსუბუქ მომჟავო გემოს განაპირობებს. სწორედ ეს რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების - პრობიოტიკების გამო. აღმოჩნდა, რომ ყველა ბაქტერია, სულაც არაა მავნებელი, პირიქით პრობიოტიკებს სხვანაირად მეგობარ ბაქტერიბსაც უწოდებენ. ისინი ცოცხალი მიკროორგანიზმებია და დადებით გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე, აძლიერებენ რა საჭმლის მომნელებელ სისტემას.

კეთილი პრობიოტიკები, ორგანიზმში მოხვედრილ სხვა ცუდ ბაქტერიებსაც ეფექტურად ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან და ასე იცავენ ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან. შესაბამისად, ამცირებენ ანთების განვითარების რისკს და ხელს უშლიან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ პრობიოტიკების წყალობით ბავშვის იმუნური სისტემაც ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით მდგრადი ხდება.

პრობიოტიკების ჯგუფში ბევრი ტიპის ბაქტერია შედის. განსაკუთრებით სასარგებლო ბაქტერიებად მიიჩნევა ლაქტობაცილა, ანუ რძისმჟავას ბაქტერია და ბიფიდობაქტერია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა რძემჟავა ბაქტერიის შემცველი საკვები რეგულარულად მიიღოს. ამ მხრივ, მაწონი, რომელიც ენდემურ დედოზეა დამზადებული, ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს.

და რაც მთავარია, ვიტამინები და მიკროელემენტები... საიდუმლო სულაც არაა, რომ რძე და რძის პროდუქტები უხვად შეიცავენ კალციუმს და დ ვიტამინს. ,,ლოკო მოკოს'' ჯადოსნური მაწონი ჩვეულებრივი მაწვნისგან განსხვავებით დამატებით შეიცავს D3 ვიტამინის დღიური ნორმის 20 და კალციუმის 25 პროცენტს.

რომ არ ყოფილიყო რძე, ვერ იქნებოდა ისეთი სასარგებლო პროდუქტები, როგორებიცაა მაწონი, ხაჭო ან არაჟანი ან ყველასათვის საყვარელი ნაყინი.

პედიატრთა რეკომენდაციით ცხოველური რძის მიღება ბავშვბისათვის 5 წლამდე აუცილებელი, შემდეგ კი სასურველია. რატომ? რძე ცილების და ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა, ისევე, როგორც ვიტამინების და მინერალების... კალციუმი, იოდი, ფოსფორი, თუთია, რიბოფლავინი, B12, A და D ვიტამინები - ყველა ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია ბავშვთა ასაკში ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის და ჯანსაღი კბილებისათვის. რძის მიღებით ბავშვი ყველაზე მეტ D ვიტამინსა და კალციუმს იღებს. თავის მხრივ D ვიტამინის კარგი რაოდენობა, კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს ორგანიზმში. ბავშვებს კალციუმზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე 2-3 ულუფა რძის ან რძის ნაწარმის მიღება სჭირდებათ.

„ლოკო მოკოს'' რძე, ჩვეულებრივი რძისაგან განსხვავებით დამატებით გამდიდრებულია D3 ვიტამინის დღიური ნორმის 20 და კალციუმის 25 პროცენტით.

,,ლოკო მოკოს'' ორივე ახალი, ქართულ ნატურალურ რძეზე დამზადებული პროდუქტი რუდუნებითაა შექმნილი ღონიერი და გონიერი ბავშვებისათვის.

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ნუშურები, ე.წ. გლანდები აქვს ამოსაჭრელი? - MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე

​რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ნუშურები, ე.წ. გლანდები აქვს ამოსაჭრელი? - MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე

რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ნუშურები, ე.წ. გლანდები აქვს ამოსაჭრელი, როგორ უნდა მოვუაროთ ოპერაციის შემდეგ და როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება? - ამ თემებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე.

„თავდაპირველად განვიხილოთ რა არის გლანდები. სამედიცინო ტერმინოლოგიით ეს ნუშურებია. ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. რაც შეეხება მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული ტერმინს - „გლანდები“, იგი ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან - „გლანდულადან“ მომდინარეობს. „გლანდულა“ ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული, ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული - სპეციალური მილის - სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა)“ - ნანა საპანაძე.
- ზოგადად რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნუშურების, ე.წ. გლანდებისა და ადენოიდების არსებობა ადამიანისთვის?
- ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება).
ტონზილების იმუნოლოგიური როლი სრულად ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული, თუმცა დადგენილია, რომ ისინი ინფექციის გზაზე პირველი დამცავი რგოლი და მთავარი დარაჯია.
რაც შეეხება ადენოიდებს, ადენოიდები ცხვირის ძგიდესა და ხახის კედელს შორის არსებული ლიმფური ქსოვილია. სტრუქტურით ნუშურა ჯირკვლებს ჰგავს, თუმცა მათი დაავადებები განსხვავებულ პრობლემებს იწვევს. ადენოიდების ძირითადი დანიშნულება, ისევე როგორც ნუშურა ჯირკვლებისა, იმუნოგლობულინების წარმოქმნა და ადგილობრივი იმუნიტეტის ფორმირებაა. ისინი უცხო ანტიგენებისგან ორგანიზმის დაცვის პირველად რგოლს წარმოადგენენ, მარტივად რომ ვთქვათ, ინფექციას ზედა სასუნთქ გზებში აკავებენ და ქვედაში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
ერთობლიობაში რომ განვიხილოთ, ნუშურები და ადენოიდები წარმოადგენს ადამიანის იმუნურ დაცვაში მონაწილე და ინფექციისაგან დამცავ ერთიან რგოლს, თუმცა, ზოგჯერ, ტონზილებიც და ადენოიდებიც, თავად ხდებიან ინფექციის წყარო და იმდენად იმატებენ ზომაში, რომ აფერხებენ სუნთქვის პროცესსაც.
- რა ჩივილები ახლავს თან და რატომ შეიძლება გახდეს საჭირო მისი ამოჭრა?
- გადიდებული ადენოიდები უმეტესად ახშობს ჰაერგამტარ გზებს, რასაც მივყავართ სუნთქვის ძილისმიერ დარღვევამდე: ძილის ობსტრუქციულ აპნოემდე, ძილის ობსტრუქციულ ჰიპოპნოემდე და ზედა სასუნთქი გზების რეზისტენტობის სინდრომამდე. ამ მდგომარეობებს ძილის დროს სუნთქვის გაძნელება და/ან რამდენიმე წამით სუნთქვის შეწყვეტა ახასიათებს. აგრეთვე იწვევს შუა ყურის მორეციდივე ინფექციას, დამსკდარი ტუჩებისა და მშრალი პირის სინდრომს. შუა ყურის მორეციდივე ინფექცია, თავის მხრივ, სმენის დაქვეითებისა და დაკარგვის წინაპირობაა. მუდმივად პირით სუნთქვის გამო ფორმას იცვლის პირის ღრუ და სასა, წინ წამოიწევს და მიმართულებას იცვლის ზედა წინა კბილები. მედიცინაში ეს ადენოიდური სახის სახელით არის ცნობილი.
- რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს გლანდები აქვს ამოსაჭრელი?
- მწვავე ტონზილიტს ხალხში უფრო ანგინად იცნობენ. მწვავე ტონზილიტს უმეტესად ვირუსები იწვევს (დაახლოებით 80%), შედარებით იშვიათად - ბაქტერია, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და სხვა სტრეპტოკოკები, ძალზე იშვიათად - მიკოპლაზმა და ქლამიდია. მწვავე ტონზილიტის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 2-4 დღემდე გრძელდება. იწყება მწვავედ, ტემპერატურის 37,5-39 °C-მდე მომატებით, შემცივნებით, ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, ყელის და კუნთების ტკივილიც ერთვის. ბავშვი შესაძლოა, შეაწუხოს გულისრევამ, მუცლის ტკივილმა, ღებინებამ. გაურთულებელი მიმდინარეობისას დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები, როგორებიცაა: ცხელება, ინტოქსიკაცია, ანთებითი ცვლილებები ტონზილებში სწრაფად ქრება, ნორმალიზდება სისხლის სურათიც. ლიმფური კვანძების გადიდება შეიძლება 10-12 დღე გაგრძელდეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საშიშია არა თავად ანგინა, არამედ მისი შესაძლო გართულებები: გულის მუშაობის დარღვევა, ტკივილი გულის არეში და გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემები, თირკმელების, ღვიძლის, სისხლძარღვთა სისტემის, კანის, ფარისებრი ჯირკვლის, სახსრების ფუნქციის მოშლა. ამ გართულებების თავიდან არიდება რომ მოხდეს, საჭიროა, დროულად მივმართოთ ექიმს და დავიწყოთ მკურნალობა, სანამ ანგინა საშიშ გართულებაში გადაიზრდება. რიგი ფაქტორების გამო, როგორებიცაა: ორგანიზმის სისუსტე, ძლიერი გამომწვევი, არასწორი მკურნალობა, დაავადების ნებაზე მიშვება, თანმხლები ქრონიკული დაავადებები მწვავე ტონზილიტი შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს.

ქრონიკული ტონზილიტის დროს ჩივილები, წესისამებრ, მკვეთრად გამოხატული არ არის. ყველაზე ხშირად აღინიშნება ხშირი ანგინა ანამნეზში. ავადმყოფი უჩივის არასასიამოვნო სუნს პირიდან, ყლაპვისას ყელში უსიამოვნო ან უცხო სხეულის შეგრძნებას, სიმშრალეს, ჩხვლეტას, თუმცა ეს არა მარტო ქრონიკული ტონზილიტის, არამედ სხვადასხვა ფორმის ფარინგიტის სიმპტომებიც არის. ხშირად უჩივიან ადვილად დაღლას, მოთენთილობას, თავის ტკივილს, შრომის უნარის დაქვეითებას, სუბფებრილურ ტემპერატურას, სახსრების ტკივილს, გულისცემის გახშირებას, ტკივილს გულის არეში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა რადიკალური ჩარევა.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ტონზილიტებისა და ადენოიდების არსებობას ახლავს, არის გადაწყვეტილების მიღება, როდის უნდა ჩატარდეს ტონზილექტომია, იგივე, გლანდების ამოკვეთა ან ადენექტომია (ტონზილების და ადენოიდების ოპერაციული გზით მოშორება). ამ საკითხს წყვეტენ პედიატრი და ლარინგოლოგი, ურთიერთშეთანხმებით.
ადენოტონზილექტომის (ტონზილების და ადენოიდების ამოკვეთა) უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
მიმდინარე წელს, ბავშვს ჰქონდა ექიმის მიერ დადსტურებული, მწვავე ტონზილიტის 7 ეპიზოდი, წინა წელს 5 და მის წინა წელს 3 ეპიზოდი. ან ტონზილები და ადენოიდები იმ ზომისაა, რომ კეტავს სასულის შესასვლელს და ხელს უშლის სუნთქვას. ასეთ დროს, ხშირად ვითარდება ე.წ. ძილის აპნოე.
- ოპერაციის შემდეგ როგორ უნდა მოვუაროთ? სისხლდენის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ?
- რაც შეეხება პოსტოპერაციულ მოვლას. ამ საკითხზე დაწვრილებით გესაუბრებათ ექიმი ოპერაციის შემდეგ, თუმცა ახლა შეიძლება რამდენიმე ზოგად საკითხზე შევჩერდეთ.
ტკივილი - პოსტოპერაციული ტკივილი ასაკის მიხედვით ინდივიდუალურია. ბავშვს ექიმის დანიშნულების შესაბამისად აძლევთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. აუცილებელია მკაცრად მიჰყვეთ დანიშნულებას, არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზასა და მედიკამენტის მიცემის შუალედებს.
- როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება?
- კვება მნიშვნელოვანი საკითხია. აუცილებელია ზედმიწევნით მისდიოთ ექიმის რეკომენდაციებს. აქაც ზოგადი რჩევების სახით შემიძლია გითხრათ:

  • აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება;
  • საკვები არ უნდა ცხელი, თბილი, მჟავე, ცხარე და მყარი;
  • პირველ დღეებში რძის პროდუქტები, მაგალითად, ვანილის ნაყინი (შოკოლადის, ხილისა და ვაფლის გარეშე), იოგურტი, მაწონი, ცივი რძე. შემდეგ დღეებში ფაფა, პიურე და ა.შ.
თქვენ მკითხეთ სისხლდენის შესახებ. პოსტოპერაციული სისხლდენა იშვიათი, თუმცა მაინც შესაძლებელი გართულებაა, ამიტომ აუცილებელია მშობელმა ზუსტად დაიცვას მოვლის და კვების წესები. სისხლდენა უმეტესად გამოწვეულია პაციენტის უჭმელობით, დასუსტებით ან რეჟიმის დარღვევით. როცა ბავშვი ტკივილისა და უმადობის გამო დიეტის შესაბამისად არ იკვებება, სასის ტონზილარულ ნიშაში ჩნდება ნადები, რომელიც თანდათან სქელდება (ნორმალური კვების შემთხვევაში მას ლუკმები ჩამორეცხავს) და ხველების ან ჭამის დროს ერთბაშად სცილდება. ჭრილობა შიშვლდება და იწყება სისხლდენა. თუ ის უმნიშვნელოა, მცირედი ჩარევითაც შეჩერდება, მაგრამ თუ ძლიერია, ღებინება და საერთო სისუსტეც ერთვის, აუცილებელია სპეციალისტის დროული ჩარევა სტაციონარის პირობებში.
მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს პირველი დახმარების წესები:
უპირველეს ყოვლისა, უნდა წამოსვას ბავშვი და ნიკაპის ქვეშ ყინული მიადოს; აჭამოს ნაყინი; ყელში გამოავლოს მაცივარის წყალი, მერე კი აუცილებლად წაიყვანოს იმ კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა; თუ პაციენტი მეტისმეტად სუსტადაა, ფეხზე დგომა უჭირს, თავბრუ ეხვევა და თვალთ უბნელდება, გვერდზე (აუცილებლად გვერდზე) უნდა დავაწვინოთ და მხოლოდ ღებინების შემთხვევაში წამოვაყენოთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინერე, აუცილებელია თქვენს ბავშვზე პედიატრისა და საჭიროების შემთხვევაში ლარინგოლოგის მეთვალყურეობა, რათა დროულად აღმოიფხვრას ადენოიდებთან და ნუშურებთან დაკავშირებული პრობლემები.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად