Baby Bag

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის თავში ხელის წამორტყმა?“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის თავში ხელის წამორტყმა?“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ბავშვისთვის თავის არეში ხელის წამორტყმის საფრთხეებსა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ისაუბრა:

„მინდა მოგიყვეთ, რა შეიძლება მოჰყვეს, როდესაც ვიღაც ბავშვს თავის არეში წამოარტყამს ხელს. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი მაინც გამოირჩევა უხეშობით და ბავშვზე ხელს იღებს. როდესაც ბავშვს ურტყამს ვინმე თავის არეში, ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული გართულებები. სერიოზული გართულება, რომელიც ამას მოჰყვება, შეიძლება იყოს სისხლჩაქცევა თავის ტვინში. შეიძლება ადამიანს სისხლჩაქცევა ჰქონდეს მსუბუქი, მაგრამ მისი გართულება შემდგომში იყოს მძიმე. ერთ-ერთი მდგომარეობა არის უშაქრო დიაბეტი.“

„როდესაც ბავშვს თავის არეში ხელს წამოარტყამენ, ამას შეიძლება მოჰყვეს სისხლჩაქცევა ჰიპოთალამუსში. შესაძლოა ამ დროს დაზიანდეს ბირთვები და ჰიპოთალამუსმა აღარ გამოყოს ანტიდიურეზული ჰორმონი და განვითარდეს ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი. ამ დროს თირკმელები ვეღარ ახერხებს შარდში არსებული წყლის სხეულში დაბრუნებას. მე წყალს ორგანიზმიდან ვკარგავ, რადგან ის რჩება მხოლოდ შარდში. ამ მდგომარეობის დროს ადამიანმა, შესაძლოა, დღე-ღამეში 20 ლიტრიც კი მოშარდოს. საბოლოო ჯამში გამოშრები. შენი სხეულიდან წყალი დაიკარგება და გექნება გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება. შესაძლოა, გამოშრობის ეპიზოდებს მოჰყვეს კრუნჩხვები. ამ დროს ორგანიზმიდან იკარგება დიდი რაოდენობით კალიუმი, რაც იწვევს კუნთების დადამბლავებას, ადამიანის გულისცემა გაიშვიათდება, შეიძლება გული გაჩერდეს კიდეც. თავის მიდამოში უბრალო ხელის წამორტყმას, ბავშვში შეიძლება მოჰყვეს უშაქრო დიაბეტის განვითარება და გულის გაჩერებაც კი. უშაქრო დიაბეტის შემთხვევათა 16% ბავშვებში სწორედ ამ ტრავმებით არის გამოწვეული. ბევრმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება მოჰყვებს ბავშვისთვის თავში უბრალო ხელის წამორტყმას, რაც დაუშვებელია,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად