Baby Bag

,,იქ, სადაც სიყვარულია, იქ, სადაც ემოციური ინტელექტის საფუძველი არსებობს, შესაძლებელია, ჩემი თავის და სხვების გაგება, ეს უკვე საშუალებას მაძლევს, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში სიმშვიდე შევინარჩუნო" - ნანა ჩაჩუა

,,იქ, სადაც სიყვარულია, იქ, სადაც ემოციური ინტელექტის საფუძველი არსებობს, შესაძლებელია, ჩემი თავის და სხვების გაგება, ეს უკვე საშუალებას მაძლევს, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში სიმშვიდე შევინარჩუნო" - ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ემოციის მართვაზე პასუხისმგებელია ემოციური ინტელექტი(EQ), ეს არის საკუთარი და სხვების ემოციის აღქმა, გაგება, გამოხატვა, ხოლო მართვა და რეგულირება უკვე შემდეგ არის შესაძლებელი. ამის საფუძველი, რაც არ უნდა საოცარი იყოს, სიყვარულია. სიყვარული ეს არის ენერგია, მიმართულება, რომელიც გიბიძგებს საკუთარი თავის გაგებისკენ.“

აქ ადგილი არ აქვს განკითხვას, ანუ სხვების მოქმედების და საკუთარი ქმედებების ისეთ განსჯას, რომელსაც შეფასებები მოჰყვება. მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის წვდომა გვინდა, მისი გაგება თუ რატომ ხდება ეს, რა არის რის გამოც საკუთარ თავს ვერ გამოვხატავ ან რაღაცას ვერ გავაკეთებ. ასეთ დროს, წარუმატებლობა და შეფერხებები, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აქვს, ერთგვარი გაკვეთილია და გამოცდილებად შეიძლება იქცეს".

ფსიქოლოგის თქმით, ემოციური ინტელექტი, რასაც სიყვარული ახლავს თან გვაძლევს საშუალებას სიმშვიდით დავამყაროთ „ცხოვრებასთან“ ურთიერთობა:

,,იქ, სადაც სიყვარულია, იქ, სადაც ემოციური ინტელექტის საფუძველი არსებობს, შესაძლებელია, ჩემი თავის და სხვების გაგება, ეს უკვე საშუალებას მაძლევს, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში სიმშვიდე შევინარჩუნო."

წყარო: რადიო ფორტუნა FN 106.9

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაუგებარი ფენომენია, რას ნიშნავს „ნერვიული“ ბავშვი... ეს არის გამოგონილი ტერმინი,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვების მისამართით ხშირად გამოყენებული ტერმინის „ნერვიული ბავშვი“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უფროსების მიერ გამოგონილი ტერმინია, რათა ბავშვის ქცევას ნეგატიური შეფასება მისცენ:

„ასეთი ტერმინი არ არსებობს. ეს არის გამოგონილი ტერმინი, რომ მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ქცევას და იმას დავარქვათ ნეგატიური შეფასება. „ნერვიული“ იმას ნიშნავს, რომ მას უნდა მივხედოთ რაღაც ფორმით. სინამდვილეში გაუგებარი ფენომენია, რას ნიშნავს „ნერვიული.“ თუ ბავშვი რეაგირებს რაღაც აკრძალვაზე, ჩავიხედოთ საკუთარ გონებაში. ნებისმიერი ჩვენგანი აკრძალვაზე ვრეაგირებთ. ეს არის თავდაცვა.

ნებისმიერი აკრძალვა, შენიშვნა, მითითება, ბრძანება - ეს ხომ ზეწოლის ფენომენია?! ამაზე ჩვენ თავს ვიცავთ, მაგრამ როგორც კი ბავშვი ამაზე თავს იცავს და რეაგირებს, იმას ვარქმევთ „ნერვიულს.“ ეს მსუბუქი ფორმაა, თორემ მერე არის ჯიუტი, გაუგონარი, დაუჯერებელი და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ მიერ მოგონილია, რომ მივცეთ შეფასება ბავშვის არასწორ ქმედებას.

მოდით, ბავშვების თვალებიდან გამოვიხედოთ და მაშინ სხვანაირად გამოჩნდება ყველაფერი. თუ მშობლებში არის მაღალი შფოთვა, ეს ბავშვებზე კი არ გადადის, ბავშვი უყურებს შფოთვითი ქცევის მოდელს და იმახსოვრებს ამას. მიბაძვა და მოდელირება ფიზიოლოგიური დასწავლის ერთ-ერთი ვარიანტია. ამას აკეთებს ნებისმიერი არსება, რომელიც უყურებს დედას, როგორ იქცევა და იმეორებს. ჩვენი შვილები ბაძავენ ჩვენს ქცევას, უბრალოდ ჩვენ არ გვახსოვს 3 თვის წინ რა ვთქვით. ბავშვს აბსოლუტურად დეტალები ახსოვს. ის დაწვრილებით მოგიყვებათ სად რა იდო და როგორ იდო,“ - მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად