ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როგორც ჩანს, უჭირთ კაცებს ქალი დაარწმუნონ, რომ ლამაზია, თორემ ასეთი რიცხვი სასოწარკვეთილი ქალების, წესით, არ უნდა იყოს,“ - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ქართველ ქალებში ნაადრევი ასაკობრივი კრიზისის არსებობის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ბევრი სასოწარკვეთილი ქალია:
„ასაკობრივი კრიზისი ქართველ ქალებს ცოტა უფრო ადრე უდგებათ ხოლმე და კაცებსაც. სტრესში უფრო მალე ვარდებიან, მეტად ეშინიათ თავიანთი ნაოჭის თუ ფორმის შეცვლის. ეს ძალიან ცუდია. როგორც ჩანს, უჭირთ კაცებს ქალი დაარწმუნონ, რომ ლამაზია, თორემ ასეთი რიცხვი სასოწარკვეთილი ქალების, წესით, არ უნდა იყოს. ისიც არ არის ჯანსაღი, როდესაც ძალიან გადარეული ხარ ჯანსაღ ცხოვრებაზე. შეიძლება რაც ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს, არ იყოს დიეტოლოგიის თვალსაზრისით ჯანსაღი, მაგრამ მთელი ცხოვრება ბროკოლის წიწკვნაში არ უნდა გაატარო და ხანდახან გადააყოლო ზედმეტი ულუფა ტორტი.“
ნათია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ძილს ყველა ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს:
„ძილს 100%-იანი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის. ძილი არის ნეირონების მთავარი აღმდგენი. ღამის სამუშაოები უნდა იყოს განსაკუთრებით ანაზღაურებული, იმიტომ, რომ ადამიანი სწირავს სამსახურს თავის ჯანმრთელობას. ძილი ნამდვილად ის არის, რაც უნდა ვეცადოთ, რომ იყოს წესრიგში.“
„ყველა ადამიანს აქვს ენერგიის თავისი ბალანსი. თუ ადამიანს ჭარბი ენერგია აქვს, ვერ რეალიზდება და ვერ ხარჯავს, ის აუცილებლად რაიმეთი გახდება ავად, სულ იქნება აგრესიული. როდესაც ადამიანს დაბალი ენერგია აქვს, არ არის ძალიან ენერგიული და უწევს გადახარაჯოს მუდმივად რეზერვში შენახული ენერგია, ეს გრძელ ვადაში იწვევს გამოფიტვას და გადადის ავადმყოფობაში. არ დავხარჯოთ ფუჭი ენერგია ფორიაქში, არ დავხარჯოთ ფუჭი ენერგია ნერვიულობაში, შიშში, იმიტომ, რომ არცერთი ეს გრძნობა დიდად არ ჭრის პრობლემას, პირიქით, გვაკარგვინებს ენერგიას და აღარ გვრჩება მთავარი საქმისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათია ფანჯიკიძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ისაუბრა.