ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, ბავშვი ინგრევა ამ დროს,“ - მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის ცხოვრებაში მშობლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამყაროსადმი ნდობის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ:
„პირველი ექვსი წელი ხდება პიროვნული კარკასის ჩამოყალიბება. ნდობა სამყაროსადმი ან აქვს ადამიანს, ან არ აქვს. ნულიდან ერთ წლამდე ხდება ამის ჩამოყალიბება. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ხდება ისე, რომ შეიძლება მშობელი წავიდეს, დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ბავშვს ძალიან ჯანსაღად უნდა მიეწოდოს. არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, იმიტომ, რომ ბავშვი ინგრევა ამ დროს.“
მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვს მიწა ეცლება, როდესაც ერთ-ერთი მშობლის ნათესავები მეორე მშობელს მისი თანდასწრებით ლანძღავენ და აკნინებენ:
„ბავშვს მამაც პოზიტიური სჭირდება და დედაც. როდესაც ერთის ნათესავები ლანძღავენ მეორეს, მეორე მშობლის ნათესავები - პირველს, ამით ბავშვს მიწას აცლიან. დაცულობის განცდა მთლიანად მოშლილია. თუ ასეთი რამ მოხდება, უნდა მოხდეს ადამიანურად ახსნით. მამა საფლავიდანაც ზრდის ადამიანს, თუ მისი სწორი ხატი არის მიწოდებული მშობლისგან.“
„გაიზრდება და ბევრ რამეს მიხვდება ადამიანი, რომ მამა და დედა ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ბავშვისთვის მამა არის, როგორც ზრდასრული, მორწმუნე ადამიანისთვის ღმერთი, დაცულობის გარანტიაა, მისი უსაფრთხოების. ასევე დედა, რომელიც არის ზრუნვა, სითბო, სიყვარული. ეს ყველაფერი რომ ჩამოეშლება ბავშვს, ბუნებრივია, მას ექნება განცდა, რომ ის მარტოა, რომ ის არ არის საკმარისი, რომ ის არავის სჭირდება,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.