ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რჩევები ბავშვებში საკვების გადაცდენის რისკის შესამცირებლად - ევგენი კომაროვსკი
ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს ბავშვის უსაფრთხო კვების წესები გააცნო:
„მშობლები სამედიცინო დახმარებას ძალიან ხშირად ითხოვენ ბავშვის სასუნთქ გზებში საკვების მოხვედრის გამო. აღნიშნული პრობლემა ძალიან აქტუალურია, რის გამოც ბავშვის კვების დროს სიფრთხილის ზომები წინასწარ უნდა მიიღოთ. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც ბავშვი კვების პროცესში ერთობა და იმის ნაცვლად, რომ საკვები დაღეჭოს და ისე მიირთვას, მოულოდნელად ყლაპავს. ბავშვის სასუნთქი გზების გადაკეტვის რისკი ამ დროს ძალიან მაღალია.“
ევგენი კომაროვსკიმ მშობლებს მოუწოდა, რომ ბავშვი მხოლოდ მაგიდასთან ჯდომის დროს გამოკვებონ:
„იმისთვის, რომ უსაფრთხოების ზომები დაიცვათ, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ: ბავშვი კვების დროს მაგიდასთან უნდა იჯდეს. თუ ის კვების დროს გადაადგილდება, საკვების გადაცდენის რისკი მატულობს. ბავშვის საკვები დაანაწევრეთ და მას ასეთი ფორმით მიაწოდეთ. თქვენს შვილს ასწავლეთ, რომ საკვები კარგად უნდა დაღეჭოს. კვების პროცესი კარგად უნდა აკონტროლოთ მაშინაც კი, როდესაც ბავშვმა ღეჭვა უკვე იცის.“
ევგენი კომაროვსკის თქმით, საჭიროა, რომ მყარი საკვები პროდუქტები მოიხარშოს ან წვრილად დაქუცმაცდეს, რათა ბავშვის კვება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს:
„კანფეტები და საღეჭი რეზინები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ბავშვის პირის ღრუში მსგავსი ტიპის პროდუქტები დიდხანს რჩება. ხშირად ბავშვი კევის ღეჭვის პარალელურად თამაშობს კიდეც და მისი ყურადღება მოდუნებულია. თხილი და მზესუმზირა მცირეწლოვან ბავშვებს მხოლოდ დაფქული სახით მივაწოდოთ, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი ალერგიული არ არის. ზეთისხილი, ყურძენი, ალუბალი და ყველა მრგვალი პროდუქტი აუცილებლად უნდა გაჭრათ, ვიდრე ბავშვს მისცემთ. ყურადღებით იყავით ქიშმიშთან, თევზთან და სხვა ძვლოვან საკვებთან, რადგან ისინი ბავშვისთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავენ,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.