ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სიყვარულისა და სიმკაცრის ერთდროული მოცემულობა უნდა მოვახერხოთ მოზარდთან ურთიერთობაში,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მოზარდთან ურთიერთობაში სიყვარულისა და სიმკაცრის ერთდროული გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„სიყვარულისა და სიმკაცრის ერთდროული მოცემულობა უნდა მოვახერხოთ მოზარდთან ურთიერთობაში. თუ მშობელი დაკავებულია, სამსახურში დადის, აქ ნაკლებად განიცდება ბავშვის მიერ მშობლის უყურადღებობა. მოზარდი ყოველთვის გრძნობს, რომ შეიძლება მშობელი სადღაც იყოს, მაგრამ მისი სიყვარული რაღაც ფორმით მოედინება მისკენ. მშობლების ნაწილი არის ასე, განსაკუთრებით თბილისში, ბავშვები დგებიან სკოლაში წასასვლელად და დედას ისევ სძინავს. დედა რომ მძინარე ბავშვს ხელს შეახებს, ტაქტილური შეხებით რომ სითბოს აგრძნობინებს, საწოლთან ჩამოუჯდება, ეს იმხელა სითბოა. ამ სითბოს გარეშე ცხოვრებაში გასული ადამიანი სულ ეძებს ამ დაკარგული სითბოს მიღებას, მაგრამ ამ დაკარგულ სითბოს ვერსად ვერ იპოვი.“
ნანა ჩაჩუას თქმით, სიმკაცრე თანმიმდევრულობასა და პრინციპულობაშია:
„სიმკაცრე თანმიმდევრულობაში, პრინციპულობაშია. თუ ბავშვს რაღაც აქვს გასაკეთებელი და ჩვენ იქ თანმიმდევრულები ვართ, თუ იქ პრინციპულობას ვიჩენთ, თუ ჩვენი ცხოვრების წესში თავად პრინციპულობაა, ეს არის სიყვარულისადმი, ღირებულებებისადმი, ჩემი ცხოვრების წესისადმი ერთგულება, სადაც მე მკაცრი ვარ და იქიდან არ გადავუხვევ. სიმკაცრე არ არის სისასტიკე, ცხადია. სიმკაცრე და სისასტიკე განსხვავებულია. სიყვარული სიმკაცრეში აისახება და სიმკაცრე სიყვარულში აისახება, როდესაც მე ძირითადიდან, არსებითიდან არ გადავუხვევ.“
„სიყვარული არ არის „გენაცვალე, კარგი, შვილო.“ თუ სიყვარული და სიმკაცრე ერთმანეთთან მივა, ეს არის ის, რაზედაც დავით გურამიშვილი ლაპარაკობდა. მთავარი არის მშობლის ცხოვრების წესი. ეს არის ხმამაღლა სათქმელი დედების მიმართ. არაჩვეულებრივად პოულობენ გამოსავალს: „დეპრესიული ვარ, იმაზე გავბრაზდი“ და ა.შ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისთვის რაღაც არის გაღებული. გაღებულია ის, რომ მე დაღლილი ვარ და მაინც ამას ვაკეთებ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ითქვას ის, რომ მე შენ გამო ვაკეთებ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ „ქართული არხის“ ეთერში ისაუბრა.