Baby Bag

„შენ თვითონ მთელი დღე ნეგატივის გამავრცელებელი ხარ და მერე გიკვირს, რატომ იქცევა ბავშვი სხვანაირად?“

რა გავლენას ახდენს ბავშვზე, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება? - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე საუბრობს. 

ფსიქოლოგის თქმით, ბავშვისთვის რთული ფილოსოფიური მოდელის გააზრება უფრო რთულია, ვიდრე ქცევითი:

„თუ მე ვხედავ, რომ აგრესია წახალისებულია, პოპულარულია (და დღეს აგრესია პოპულარულია, რადგან თუ დღეს გინდათ, რომელიმე გადაცემაში აღმოჩნდეთ, რაც უფრო აგრესიული იქნებით, მით მეტი შანსი გაქვთ, სადღაც მოხვდეთ) ეს ბავშვს აძლევს მსგავს ქცევით მოდელს. მსგავსი აგრესიის პირობებში ბუნებრივი იერარქია (ბუნებრივი იერარქია ეს არის ჯგუფი, სადაც სოციალური ნორმები არ მოქმედებს და ვინც ძლიერია, ის დომინირებს) ლაგდება და თუ მე ძლიერი არა ვარ, მაშინ მე უნდა მოვექცე ძლიერის დაქვემდებარებაში. 

ადამიანი სოციალური არსებაა და ხანდახან არასწორად ესმის, როდესაც ამბობენ, რომ ადამიანს არაფერი არ უნდა ასწავლო, თვითონ გადაწვეტს. არაფერი არ ასწავლო, არ არის სწორი - ბავშვში ღირებულებები უნდა ჩადო, მისცე სწორი მიმართულება... ბავშვს სიკეთე კი არ აინტერესებს, მას ძალა, მოგება აინტერესებს და ზღაპარი სიკეთით იმიტომ მთავრდება, რომ ძალა არის სიკეთე და შენ ეს გზა გეჭიროს. ბავშვს თუ ამ ორიენტირებს არ ვაჩვენებთ და დავალაგებთ ბუნებრივი იერარქიით, რა თქმა უნდა, წამყვანი აგრესიული ელემენტები გახდება. 

მერე საუბარია ბულინგზე და მსგავს თემებზე, შენ თვითონ მთელი დღე ნეგატივის გამავრცელებელი ხარ და მერე გიკვირს, რატომ იქცევა ბავშვი სხვანაირად? ბავშვი ან ძლიერია, აგრესიულია და გაუძლებს ამ აგრესიას ან ჩაიკეტება თავის თავში. დაახლოებით ისე, როგორც დიდებში - ან ვჯანყდებით, ან ემიგრაციაში მივდივართ...“ - აღნიშნავს ზურაბ მხეიძე. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად